საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი ოკუპირებულ აფხაზეთს, სოჭი-სოხუმის მარშრუტზე ,,კომეტა’’ კატამარანის გაშვებას სთავაზობს, რადგანაც "რესპუბლიკაში ტურისტების ნაკადი გაიზარდოს".
ამის შესახებ ყირიმის განვითარების ფონდის ვიცე-პრეზიდენტმა, შპს რესორტის გენერალურმა დირექტორმა ვასილ დიაჩენკომ განაცხადა, რომელიც სოხუმში ტურისტული ფორუმის Visit Apsny-ს ფარგლებში იმყოფებოდა.
საუბარია მარშრუტზე გელენჯიკი-ნოვოროოსისკი – სოჭი-სოხუმი.
„აფხაზეთს დიდი პერსპექტივები აქვს და ყველაზე მნიშვნელოვანი ლოჯისტიკაა. თქვენ შეგიძლიათ გააფართოვოთ ტურისტული ნაკადები ზღვით და ჩვენ დაგეხმარებით ამაში. გვაქვს თანამედროვე, იზოლირებული „კომეტები“, რომლებიც ამჟამად მიემართებიან გელენჯიკი-ნოვოროსიისკი-სოჭის მიმართულებით და მომდევნო სეზონისთვის გვინდა გავაგრძელოთ ეს მარშრუტი სოჭიდან სოხუმამდე, რაც გაზრდის ტურისტების ნაკადს'', - თქვა დიაჩენკომ.
აღსანიშნავია, რომ სოხუმსა და სოჭს შორის უკვე მოქმედებს საკრუიზო სერვისი, მას ივნისის ბოლოდან ახორციელებს რუსული საკრუიზო ლაინერი "კნიაზ ვლადიმირი"
ტელეგრამ არხი „აფხაზია-ცენტრი“ წერს, რომ აფხაზეთსა და ყირიმს შორის საზღვაო კომუნიკაცია „კომპლექსური საკითხია“.
წყარო: რადიო ათინათი