საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. თამარ ჩუგოშვილმა და მაია კოპალეიშვილმა, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმის განხილვისას სალომე ზურაბიშვილს წარმოადგენდნენ, 16 ოქტომბერს პრეს-კონფერენციაზე განაცხადეს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურია. პრეს-კონფერენციას წინ უძღოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკუთარი გადაწყვეტილების გამოცხადება, რომლის თანახმადაც პრეზიდენტმა მთავრობის თანხმობის გარეშე ევროპაში ვიზიტების განხორციელებით ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.
თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტმა ვერ წარმოადგინა ვერანაირი მტკიცებულება, რომელიც პრეზიდენტის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ხელშეშლას დაადასტურებდა, თუმცა სასამართლომ „ქართული ოცნების“ პოზიცია სრულად გაიზიარა.
„ჩვენ ძალიან გვინდოდა, რომ პროცესი სამართლებრივ ჭრილში დარჩენილიყო, მაგრამ სამწუხაროდ, სასამართლომ მაინც გადაწყვიტა, რომ პოლიტიკური მხარე გამხდარიყო“, – დასძინა ჩუგოშვილმა.
პრეზიდენტის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა განაცხადა, რომ „საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად, ერთი ერთში გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები, ისე, რომ რაიმე ცვლილებაც კი არ შეიტანა მათ მოსაზრებებში, ტერმინებში, მხოლოდ შეავსო გარკვეული განმარტებებით და პრეზიდენტის უფლებამოსილება საგარეო ურთიერთობებში მთლიანად მოაქცია 52-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტში [რომლის თანახმადაც, „მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას; მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს]“.
მისივე თქმით, „საკონსტიტუციო სასამართლომ იმაზეც არ შეიწუხა თავი“, რომ გარკვეული დიფერენცირება გაეკეთებინა, რა შეიძლებოდა გაეკეთებინა პრეზიდენტს 52-ე მუხლის მიღმა და „აქვს თუ არა პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში მინიმალური ურთიერთობის განხორციელების შესაძლებლობა“.