საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. თელავის რაიონულმა სასამართლომ 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის ბიძას და ბიძაშვილს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ორივე მათგანმა დანაშაული აღიარა.
არასრულწლოვნის მკვლელობას საზოგადოებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების აღშფოთება მოყვა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში, ქორწინების იძულების მიზნით, ასიმ ასლანოვმა არასრულწლოვანს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, თავისი ბიძის საცხოვრებელ სახლში მიიყვანა, სადაც არასრულწლოვან გოგონას ორი თვის განმავლობაში შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. გოგონამ რამდენჯერმე სცადა გაქცევა.
ერთ-ერთი ასეთი მცდელობის შემდეგ, 6 ოქტომბერს იგი გამტაცებელმა მოკლა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ასლანოვი მიიმალა, თუმცა პოლიციამ იგი რამდენიმე დღეში დააკავა. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
პროკურატურის ინფორმაციით, გამტაცებლის ბიძისთვის და ბიძაშვილისთვის გატაცების თაობაზე ცნობილი იყო, თუმცა დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს.
გატაცებულმა არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, თუმცა ოჯახის წევრებმა გოგონა გამტაცებელთან დააბრუნეს.
მოკლული არასრულწლოვნის დედა და ბიძა ასევე დააპატიმრეს. მათ არასრულწლოვნისთვის ქორწინების იძულება და დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ ბრალად.
საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე ის უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს. „აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული ყველა პირი, ჩადენილი უმძიმესი დანაშაულისთვის კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.