საზოგადოება
მედიის მიერ სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელების საკითხზე "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები პარლამენტის ბიუროს 16 ოქტომბერს წარედგინება

 საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. მედიის მიერ სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელების საკითხზე "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები კიდევ ერთხელ ხორციელდება.

"ქართული ოცნების" დეპუტატებმა მოამზადეს პროექტი, რომლის გათვალისწინებით, ასეთ დარღვევაზე მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრება იქნება შესაძლებელი.

მაუწყებლები, რომლებიც სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვის მოთხოვნას დაარღვევენ, ჯერ გაფრთხილებას მიიღებენ. ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში - დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2 500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის თანხა იზრდება.

"მაუწყებლობის შესახებ" კანონის 55/2 მუხლი ითვალისწინებს მედია მომსახურების მიმწოდებლის პროგრამაში ან რეკლამაში სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვას. ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, აღნიშნული აკრძალვის დარღვევასთან დაკავშირებით რეაგირება მხოლოდ მედიამომსახურების მიმწოდებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებშია შესაძლებელი.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატირი არიან უმრავლესობის დეპუტატები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ისკო დასენი, ირაკლი კირცხალია, ანტონ ობოლაშვილი და ირმა ზავრადაშვილი.

კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს 16 ოქტომბრის სხდომაზე წარედგინება.