სამართალი
თეა წულუკიანი: პრეზიდენტი საქართველოს წინააღმდეგ ავანტიურაზე წავიდა

 საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა არანაირ გავლენას არ მოახდენს ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ასე პრეზიდენტი სახელმწიფოს წინააღმდეგ ავანტიურაზე წავიდა, განაცხადა კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა.

მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის უარის მიუხედავად, 31 აგვისტოს ევროპულ ტურნეში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა. მინისტრთა კაბინეტში უარი იმით ახსნეს, რომ ხელისუფლებამ პრეზიდენტის მიმართ ნდობა დაკარგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.

მგონია, რომ ეს იმპიჩმენტის პროცედურა არც დააზიანებს საქმეს და არც არაფერში წაადგება. სამწუხაროდ, ეს რეალობაა და ეს არის ის გზა, რომელიც პრეზიდენტმა თავად აირჩია. ალბათ ცოტა უფრო შორსმჭვრეტელები უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ რომ გავიაზრებთ წარსულს, ვერ წარმოვიდგენდით, რომ ის ამხელა ავანტიურაზე წავიდოდა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ", – განაცხადა წულუკიანმა.

მისი აზრით, პრეზიდენტი სტატუსის საკითხს „გარკვეული პირადი ინტერესებისთვის" იყენებს.

მათ პოლიტიკურსაც ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ ვერ წარმომიდგენია, რა პოლიტიკური ინტერესი შეიძლება ჰქონდეს [ზურაბიშვილს] მას მერე, რაც დაატრიალა ამ ქვეყანაში საქართველოს საზიანოდ. რაღაც პირადი ინტერესით მანიპულირებს სტატუსით", – განაცხადა წულუკიანმა.

ვიცე-პრემიერი მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილის გადაყენება არა მხოლოდ დროული, არამედ აუცილებელიცაა და ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს, რადგან, მისი აზრით, პრეზიდენტი აზიანებს ქვეყანას თავისი გაუაზრებელი ვიზიტებით, როდესაც არ ხდება არანაირი შეთანხმება მთავრობასთან – ვის რა როლი აქვს, ვინ რა ფუნქციას ასრულებს.

მახსოვს, უვიზო რეჟიმის დროს მთავრობაშიც კი გვქონდა როლები განაწილებული... სადაც ვიკვეთებოდით, ვთანხმდებოდით, ვინ რა როლი ითამაშოს, ვინ ვის დაეხმაროს, რომ ქვეყანა გამოვიდეს გამარჯვებული. აი, ეს პრეზიდენტმა სრულად მოშალა", – განაცხადა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.

პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას შეუდგება, თუ საკონსტიტუციო სასამართლო გამოიტანს დასკვნას, რომ სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. მოსამართლეთა კოლეგია სამი დღის განმავლობაში ისმენდა მხარეების არგუმენტებს იმის თაობაზე, ჰქონდა თუ არა ზურაბიშვილს საზღვარგარეთული ვიზიტების უფლება მთავრობის თანხმობის გარეშე.

ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს. ოპოზიციურ პარტიებსა და იმ საპარლამენტო ჯგუფებს, რომლებმაც უარი უკვე თქვეს იმპიჩმენტის მხარდაჭერაზე, ჯამში 36 ხმა აქვთ.

მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.

ზურაბიშვილის დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის 49-ე მუხლით - „საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი", სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს, ასევე 78-ე მუხლით - „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია", რომლის თანახმად საკონსტიტუციო ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის.

ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.

ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. შეზღუდულ პროგრესს მიაღწია კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.

როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.

ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა კი განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყანამ ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე მუშაობა საკანონმდებლო დონეზე თითქმის დაასრულა.