ქართული ელექტროენერგია ირანში
შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5-6 ივლისს კომპანიის წარმომადგენლები მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი ახალი 400-კილოვატიანი გადამცემი ხაზის მშენებლობის შესახებ შეთანხმების იურიდიული შინაარსის ცვლილებებს მოეწერა ხელი. ცვლილებებს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძემ, ხოლო სომხეთის მხრიდან – სომხეთის ელექტროსისტემის ოპერატორი კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მნაცაკან მნაცაკანიანმა და სომხეთის მაღალი ძაბვის ქსელის დირექტორმა სააკ აბრამიანმა.
როგორც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ აცხადებენ, გადამცემი ხაზი მარნეულის ქვესადგურს (საქართველოს ტერიტორიაზე) რაზდანის ელექტროსადგურთან (სომხეთის ტერიტორიაზე) დააკავშირებს. გადამცემი ხაზი მოემსახურება საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის სომხეთის გავლით ირანში გადადინებას. საქართველოს ტერიტორიაზე ხაზი 40 კმ სიგრძის იქნება და მშენებლობა 2014 წლის დასაწყისისთვის დასრულდება.
საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი ახალი 400-კილოვატიანი გადამცემი ხაზის მშენებლობის შესახებ შეთანხმება 2010 წლის 26 იანვარს გაფორმდა.
საქინფორმი