აქტუალური
მიხეილ სააკაშვილი: მსოფლიო ძალიან რთულ სიტუაციაშია, ნებისმიერ მომენტში შეიძლება რაღაც დაიწყოს და კატასტროფულ მოვლენასთან გვქონდეს საქმე

 საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. მსოფლიო ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ. ნებისმიერ მომენტში შეიძლება რაღაც დაიწყოს და მოულოდნელ და კატასტროფულ მოვლენასთან გვქონდეს საქმე - როცა გვეუბნებიან, „თქვენ გინდათ არეულობაო“, არეულია უკვე ყველაფერი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, დისტანციურად ჩართვის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, 7 ნოემბრის საქმის „შეკერვა“ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მეშვეობით ხდებოდა.

რაც შეეხება დღევანდელ საქმეს, მინდა ორი სიტყვა ვთქვა, ეს არის პოლიტიკური საქმე. „ეფესბეს“ ოფიცერი ფარცხალაძის მეშვეობით ხდებოდა ამ საქმის შეკერვა. იმისათვის, რომ ამ საქმის პოლიტიკური საქმე გავიგოთ, უნდა გესაუბროთ, რაზეა საერთოდ საუბარი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ფარცხალაძის შეკერილ საქმეებზეა საუბარი. საქმე იმაშია, რომ მსოფლიოში ახალი მსოფლიო ომი მიმდინარეობს, დაიწყო და განვითარდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, უკრაინაში, ახლა ისრაელში. ამ სიტუაციაში ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ, ნებისმიერ მომენტში შეიძლება რაღაც დაიწყოს და მოულოდნელ და კატასტროფულ მოვლენასთან გვქონდეს საქმე...

როცა გვეუბნებიან თქვენ გინდათ არეულობაო, არეულია უკვე ყველაფერი. ის, რაც ხდება ახლა ისრაელში, სიბნელისა და სინათლის ბრძოლა. იმაში, რომ ამის უკან რუსეთი დგას, საერთოდ არ მეპარება ეჭვი“, - განაცხადა სააკაშვილმა.