აქტუალური
მირჩა ჯოანა: უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ადგილი ჩვენთან, ნატო-შია, ეს მოხდება ადრე თუ გვიან

 საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. როდესაც ნატო ემზადება ვაშინგტონის საიუბილეო სამიტისთვის, ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერის განმტკიცებას, ვაძლიერებთ ჩვენს თავდაცვას და შეკავებას, ვასრულებთ მოკავშირეთა მიერ დადებულ პირობას თავდაცვის ხარჯების გაზრდის კუთხით და უფრო მჭიდროდ და პრაქტიკული კუთხით ვმუშაობთ პარტნიორებთან, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ კოპენჰაგენში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ნატო არის და ყოველთვის იქნება რეგიონული ალიანსი, მაგრამ ჩვენ გლობალური გამოწვევების წინაშე ვართ. ასე რომ, ჩვენი პარტნიორობა სხვა ქვეყნებთან გადამწყვეტია ჩვენი უსაფრთხოებისთვის. აქ, ევროპაში, მოლდოვის რესპუბლიკასა და საქართველოს მიწაზე უნებართვოდ არიან რუსი სამხედროები, ბოსნია და ჰერცეგოვინა კი დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნეა, რუსეთის მხრიდან ხდება არჩევნებში ჩარევა და კიბერთავდასხმები. ჰიბრიდული ომის ყველა ინსტრუმენტი ასევე იყო გამოყენებული ნატო-წევრების წინააღმდეგაც“,- განაცხადა მირჩა ჯოანამ.

მისივე თქმით, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ადგილი ნატო-შია.

როდესაც ვახსენე უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, ვთქვი, რომ მათი ადგილი ჩვენთან, ნატო-შია. მთელი დასავლეთ ბალკანეთი ასევე უნდა იყოს ჩვენთან, როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულუფლებიანი წევრები. მე ვიცი, რომ ეს მოხდება ადრე თუ გვიან. ეს არის გამოსავალი, რომ ყველა დემოკრატიული ქვეყანა ერთად ვიყოთ, მიუხედავად იმისა, რამდენად მტკივნეულია წარსული ნაიარევები“, – განაცხადა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ.

ამასთან, მირჩა ჯოანამ განაცხადა, რომ იმედი აქვს, კანდიდატის სტატუსზე საქართველოსთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

მე ასევე მივესალმები ევროკავშირის სტრატეგიულ სიმამაცეს უკრაინის და მოლდოვის მიწვევის კუთხით და იმედია, იგივე გადაწყვეტილება იქნება მიღებული საქართველოსთან დაკავშირებით და ასევე დასრულდება სამუშო დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთანაც“, – აღნიშნა მირჩა ჯოანამ.