საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი უკრაინას აბრალებს, რომ ჰამასს იარაღი მიჰყიდეს. მის სიტყვებამდე რამდენიმე საათით ადრე უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ (ГУР) გაავრცელა წინასწარი გაფრთხილება, რომ რუსეთი, კიევის დისკრედიტაციისთვის, მსგავსი ინფორმაციის გავრცელებას აპირებდა.
მედვედევი საკუთარ ტელეგრამ-არხზე ირწმუნება, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული შეიარაღება ისრაელში აქტიურად გამოიყენება და უკრაინას შავ ბაზარზე ვაჭრობაში ადანაშაულებს.
აქამდე, რამდენიმე საათით ადრე უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოში განაცხადეს, რომ რუსეთმა ჰამასს გადასცა ომის დროს ხელში ჩაგდებული შეიარაღება, რათა შემდეგ, დისკრედიტაციის მიზნით, ამაში კიევი დაედანაშაულებინათ.
ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ.
თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.
თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.
ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.
ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.
საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.
8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.
tabula.ge