„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ 5 ივლისს მიღებული კანონის გაუქმებას ითხოვს. „მოვუწოდებ ღვთისმგმობელ პარლამენტს, სასწრაფოდ შეიკრიბოს რიგგარეშე სხდომაზე და ისევე ერთსულოვნად გააუქმოს აღნიშნული კანონი, როგორც მიიღეს, სანამ ჯერ კიდევ გვიან არ არის“, – განაცხადა დღევანდელ სპეციალურ ბრიფინგზე ნათელაშვილმა.
მისივე თქმით, „საქართველოში მოქმედმა ტერორისტულმა რეჟიმმა სულიერ-ზნეობრივი ლპობის კულმინაციას მიაღწია“.შეგახსენებთ, რომ რელიგიური გაერთიანებებისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ კანონი პარლამენტმა მიმდინარე წლის 5 ივლისს მიიღო. კანონის საბოლოოდ დამტკიცებამდე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა პატრიარქთან შეხვედრა გამართა, რომელიც კანონის მიღების პროცესის შეჩერებას ითხოვდა, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ, მიუხედავად უწმიდესის პოზიციისა და მოთხოვნისა, საკანონმდებლო ორგანომ კანონი სასწრაფო წესით მაინც მიიღო. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი რელიგიური გაერთიანებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირების შესახებ „სამოქალაქო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების პაკეტს იმავე დღეს მოაწერა ხელი.
საქინფორმი