საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. ისრაელის უსაფრთხოების შტაბი ოფიციალურად ადასტურებს, რომ ისრაელი ომის მდგომარეობაშია და მას შეუძლია "მნიშვნელოვანი სამხედრო აქტივობების" გატარება. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.
უსაფრთხოების კაბინეტმა ომის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება ისრაელის ძირითადი კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად იქნა მიღებული.
მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხრეთ ისრაელში ჰამასის მებრძოლების შეჭრის მერე მალევე გამოაცხადა, რომ ქვეყანა ომის მდგომარეობაშია.
ისრაელის უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილება ნეთანიაჰუს განცხადებას იურიდიულ საფუძველსაც აძლევს.
შაბათს, 7 ოქტომბერს, ისრაელზე „ჰამასმა“ ბოლო ათწლეულის განმავლობაში უპრეცედენტო მასშტაბის თავდასხმა განახორციელა. მათ შორის ისრაელის მიმართულებით რაკეტების გასროლით; ასევე მებრძოლების შეტევით სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით. ბოლო მონაცემებით, ისრაელში დაღუპულია 500, დაშავებულია 2000-ზე მეტი ადამიანი. „ჰამასმა“ მძევლად აიყვანა მშვიდობიანი მოქალაქეები და ჯარისკაცები. თავის მხრივ, ისრაელმა ღაზაზე საჰაერო დარტყმების საპასუხო ტალღა დაიწყო. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღაზაში 313 პალესტინელი დაიღუპა და 1900-ზე მეტი დაიჭრა. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ „მტერი ისეთ საფასურს გადაიხდის, რომლის შესახებაც წარმოდგენა არ აქვს“.
interpressnews.ge