სამართალი
პრემიერი: დარწმუნებული ვართ, ევროკავშირი მიიღებს ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით

 საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. დარწმუნებული ვართ, რომ ევროკავშირი აღიარებს საქართველოს წინსვლას და გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და მიიღებს კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსადმი კანდიდატის სტატუსის მინიჭებით - ამ საქმეში გერმანიის მტკიცე მხარდაჭერას ველით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ახალი იმპულსი შესძინა საქართველოს ურთიერთობას გერმანიასთან და ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან.

“ძვირფასო მეგობრებო, გასული წლის ივნისში საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ახალი იმპულსი შესძინა ჩვენი ქვეყნის ურთიერთობას გერმანიასთან და ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან. მას შემდეგ საქართველო გულმოდგინედ მუშაობს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად და ვიმედოვნებთ, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენ მიერ მიღწეული შესამჩნევი პროგრესი შესაბამისად იქნება აღიარებული. დარწმუნებული ვართ, რომ ევროკავშირი აღიარებს საქართველოს წინსვლას და გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და მიიღებს კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსადმი კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მტკიცედ დააკავშირებს ევროკავშირთან; ამ საქმეში გერმანიის მტკიცე მხარდაჭერას ველით", - განაცხადა პრემიერმა.