საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ პრეს-სპიკერმა 4 ოქტომბერს „ამერიკის ხმას“ განუმარტა, რომ ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა საქართველოში არ შეწყვეტილა, არამედ მხოლოდ გადაიდო. მხარდაჭერის პროგრამის მეორე განხილვის გადადების მიზეზად მან პარლამენტის მიერ „ეროვნული ბანკის შესახებ კანონში“ ცვლილებების დამტკიცება და სანქციების თაობაზე ბანკის რეგულაციებთან დაკავშირებული ცვლილებები დაასახელა.
პრეს-სპიკერის თქმით, ეროვნული ბანკის სტრუქტურულმა ცვლილებებმა „ბანკის დამოუკიდებლობა და სანდოობა რისკის ქვეშ დაააყენა და ეწინააღმდეგებოდა „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ გუნდის რეკომენდაციებს“. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებზე საერთაშორისო სანქციების დაწესების თაობაზე ბანკის რეგულაციებში შეტანილ ცვლილებებს, სსფ-ის პრეს-სპიკერმა აღნიშნა, რომ ეს „შეშფოთებას აჩენს ფინანსური სტაბილურობის თაობაზე, რომელიც ამ პროგრამის უმთავრესი მიზანია“.
„იმ ახალი პროცესების გათვალისწინებით, რაც პროგრამის პირველი განხილვის შემდეგ განვითარდა, გუნდი და მმართველი პირები იღებენ დამატებით დროს იმისთვის, რომ მოძებნონ გზა საიმისოდ, რომ მაინც უზრუნველყოფილი იყოს პროგრამის მიზნების მიღწევა“, – დასძინა პრეს-სპიკერმა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს განაცხადა, რომ ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სანქციები არ შეეხებათ იმ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა ბრალეულობაც ქართულმა სასამართლომ არ დაადგინა. ამ ცვლილებით, ეროვნულმა ბანკმა შეცვალა წინა გადაწყვეტილება, რის შედეგადაც აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება აღარ შეეზღუდება.