სამართალი
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის წარმომადგენლებისგან არგუმენტი საერთოდ ვერ მოვისმინეთ

 საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. რეალურად, არგუმენტი საერთოდ ვერ მოვისმინეთ - დეტალურ სამართლებრივ პასუხს შესვენების შემდეგ გავცემთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განსახილველ სხდომაზე შესვენების დროს, ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვას, მნიშვნელოვანია თუ არა სხდომაზე პრეზიდენტის ყოფნა, კობახიძე ასე პასუხობს: „საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ პატივისცემის კუთხით იყო მნიშვნელოვანი, თორემ მე რა ინტერესი მაქვს“.

„ჩვენც შეგვეძლო წარმომადგენელი გამოგვეგზავნა, მაგრამ პარლამენტის 4 წევრი იმიტომაა მოსული, რომ გამოვხატეთ განსაკუთრებული პატივისცემა სასამართლოს მიმართ. იგივე შეეძლო პრეზიდენტს, თუმცა არ გააკეთა. ეს მისი არჩევანია“,- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება შეფასებებს, რომ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება და საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა პოლიტიკურია, კობახიძე ამბობს, რომ იმპიჩმენტი პოლიტიკურ-სამართლებრივი პროცესია.

„იმპიჩმენტი არის პოლიტიკურ-სამართლებრივი პროცედურა. ის ნაწილი, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში წარიმართება, სამართლებრივია, ხოლო ის, რაც პარლამენტში წარიმართება - პოლიტიკური. ამიტომ აქ სპეკულაციებისთვის სივრცე არ არის“,- განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, აისახება თუ არა იმპიჩმენტის საკითხი ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსზე, კობახიძე აღნიშნავს, რომ „სადაც არ არის კონსტიტუციის პატივისცემა, ვერ იქნება ევროპა“.

„ევროპა და ევროპელობა ნიშნავს კონსტიტუციის პატივისცემას. იქ, სადაც არ არის კონსტიტუციის პატივისცემა, ვერ იქნება ევროპა. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა დაიწყო. საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს.

თავად პრეზიდენტი სხდომას არ ესწრება. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ. წარდგინების ავტორების სახით სხდომას ესწრება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები: ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.