უცხოეთი
სომხეთის პარლამენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა

 საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. სომხეთის პარლამენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა. კანონპროექტის რატიფიცირებას 60-მა დეპუტატმა მისცა ხმა, წინააღმდეგი 22 იყო.

სომხეთმა რომის სტატუტს 1998 წლის 17 ივლისს მოაწერა ხელი, თუმცა ამ დრომდე არ ჰქონდა ის რატიფიცირებული. 2004 წელს სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ის მაშინ მოქმედ კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნო. 2022 წლის ბოლოს სომხეთის მთავრობამ კვლავ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს რომის სტატუტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესამოწმებლად. 24 მარტს სასამართლომ დაადგინა, რომ ის შესაბამისობაშია ქვეყნის ძირითად კანონთან.

შეგახსენებთ, რომ 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. მოსკოვში განაცხადეს, რომ სომხეთის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირებას ექნება ნეგატიური შედეგები ორმხრივი ურთიერთობებისთვის.

1tv.ge