საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია 15-წლიანი საქმიანობის შედეგებს აჯამებს. სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, დიმიტრიოს კარაბალისმა პრესკონფერენცია გამართა.
სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის თქმით, ზუსტად 15 წლის წინ საქართველოში ორასზე მეტმა დამკვირვებელმა დაიწყო პატრულირება.
„15 წლის წინ საქართველოში ორასზე მეტმა დამკვირვებელმა დაიწყო პატრულირება, 2008 წლის აგვისტოს დამანგრეველი ომიდან სულ რაღაც ექვსი კვირის გასვლის შემდეგ. ამ კონფლიქტმა სერიოზული გავლენა იქონია და ჯერ კიდევ აქვს ბევრი ადამიანის ცხოვრებაზე. ამიტომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსება ზეიმის მიზეზი არ არის. თუმცა ეს არის შესაძლებლობა, გადავხედოთ წარსულ მოვლენებს. ბოლო 15 წელია, დღე-ღამის განმავლობაში, წელიწადში 365 დღე ვპატრულირებთ. ჩვენი მიზანი საქართველოში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და გრძელვადიანი მშვიდობის ხელშეწყობაა. ევროკავშირი რჩება საქართველოში, და უფრო ფართო რეგიონში, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გრძელვადიანი ვალდებულების ერთგული. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ეუთო-სთან ერთად აგრძელებს გადაკვეთის პუნქტების სრულად ფუნქციონირების აღდგენისკენ მოწოდებას“, – განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა.
დიმიტრიოს კარაბალისის განცხადებით, გადაადგილების მეტი თავისუფლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ.
„როდესაც ვსაუბრობთ გადაადგილების შეზღუდულ თავისუფლებაზე, ჩვენ ასევე უნდა ვისაუბროთ მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციაზე. „ბორდერიზაცია“ ნამდვილად არ არის სწორი ტერმინი, მე ვგულისხმობ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გამაგრებას ღობეების, მავთულხლართების და სათვალთვალო კოშკურების მეშვეობით. ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ქალები, კაცები, ბავშვები და ხანდაზმული ადამიანები კვლავ განიცდიან ამის ზეგავლენას. ეს აფერხებს მათ წვდომას მიწასა და წყალზე, რელიგიურ ობიექტებზე. ეს ბავშვებს მათ მიერ არჩეულ განათლებას ართმევს. ეს მრავალი ადამიანის წარმატებულ მომავალზე ოცნებას ასამარებს. ოჯახები, მეზობლები, სოფლებიც კი გაყოფილი რჩება. კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო ჩვენი მთავარი გზავნილი: 15 წლის განმავლობაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გადამწყვეტ როლს თამაშობს სტაბილურობის უზრუნველყოფაში და დაძაბულობის შემცირებაში საქართველოში და ფართო რეგიონში. ჩვენი ადგილზე ყოფნა ბოლო 15 წლის განმავლობაში ადასტურებს ევროკავშირის გრძელვადიან ერთგულებას მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის. ჩვენ კვლავ ვრჩებით ჩვენი მისიის ერთგული, რაც ადგილობრივი თემების ცხოვრებისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ჩვენ დავრჩებით საქართველოში, ვიდრე საჭირო იქნება“, – განაცხადა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.