სამართალი
სააკაშვილმა ფოტორეპორტიორებს 26 მაისის დარბევის ფოტოების საერთაშორისო პრესაში გავრცელება არ აპატია

abdaladze_gioროგორც დაკავებული ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე „კვირის ქრონიკაში“ გამოქვეყნებულ წერილში წერს, „დარწმუნებულია, რომ მისი და კოლეგების დაკავება სწორედ 26 მაისის დარბევის ფოტოებს უკავშირდება“.

„26 მაისს ჩვენ გადავიღეთ ფოტოები, რომლებშიც კარგად ჩანდა, როგორ გაუსწორდით საკუთარ მოსახლეობას, ჩემი ორი კადრი „ასოშეითედ პრესის“ ვებგვერდზე დაიდო, საიდანაც ევროპისა და ამერიკის არაერთ გაზეთსა და ჟურნალში დაიბეჭდა. ასევე, სკანდალური ფოტოები გადაიღეს და გაავრცელეს ზურა ქურციკიძემ და შაჰ აივაზოვმა – „ფრანს პრესისა“ და „როიტერის“ ფოტორეპორტიორებმა. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ყველაზე კარგი კადრები ირაკლი გედენიძეს ჰქონდა. ის სპეცრაზმელებთან ერთად მოვიდა აქციის დარბევის დროს რუსთაველზე. ფოტორეპორტიორებიდან ყველაზე საუკეთესო პირობებში იყო, რადგან პოლიციელებმა იცოდნენ, რომ პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი იყო და ხელს არ უშლიდნენ. ირაკლიმ გადაიღო კადრი, სადაც ჩანს სპეცრაზმელების მიერ მოკლული ადამიანი. მერე ეს ფოტო ზურაბ ქურციკიძეს მიჰყიდა, რომელმაც ის ევროპის ფოტოსააგენტოს მეშვეობით გაავრცელა. ამ კადრს ავტორი არ ეწერა, მაგრამ ყველა ფოტორეპორტიორმა იცოდა, რომ ირაკლის გადაღებული იყო. როგორც ჩანს, სააკაშვილმა გაიგო, ირაკლიმ ამ დარბევის ფოტოები საერთაშორისო პრესაში რომ გაავრცელა და არ აპატია“, – წერს აბდალაძე, რომელიც იხსენებს, რომ 28-29 მაისს მას სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან დაუკავშირდნენ და 26 მაისს გადაღებული ფოტოების მიტანა მოსთხოვეს.

„ამ საკითხს არასერიოზულად შევხედე და ვუთხარი, ფოტოები წავშალე-მეთქი. ალბათ მაშინ უნდა მივმხვდარიყავი, რომ ამ ფოტოების ამბავი ასე უბრალოდ არ ჩაივლიდა“, – იხსენებს დაკავენული რეპორტიორი.

მისივე თქმით, „როიტერისა“ და „ფრანს პრესის“ ფოტორეპორტიორებს ვერ შეეხენ, რადგან მათ საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობები აქვთ და მათი დაკავება საერთაშორისო სკანდალს გამოიწვევდა.

ამასთან, აბდალაძეს უსაფუძვლოდ მიაჩნია ეჭვი, თითქოს მათი დაკავება მათ მიერვე გადაღებულ რომელიმე მაღალჩინოსნის პიკანტურ ფოტოს უკავშირდება. „ასეთი ფოტო არასოდეს გადამიღია. მე არასოდეს ვიქექებოდი სხვის პირად ცხოვრებაში“, – აღნიშნავს აბდალაძე.

 

საქინფორმი