საზოგადოება
დაკავებული ფოტორეპორტიორების მხარდამჭერი აქცია შს სამინისტროსა და ამერიკის საელჩოსთან გაიმართება

fotografebi4აქცია შს სამინისტროსთან ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ინიციატივით დღეს, 13:00, საათზე გაიმართება. ქარტიის საბჭო ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით შს მინისტრთან შეხვედრას და საქმეზე საიდუმლო „გრიფის“ დაუყოვნებლივ მოხსნას მოითხოვს. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიმართავს რეპორტიორებს, მედიაორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, აქციაზე ფოტოკამერებით მივიდნენ.

ამასთან, ჟურნალისტები დაკავებული ფოტორეპორტიორების მხარდამჭერ მიმართვას შეიმუშავებენ, რომელსაც ამერიკისა და ევროპის ქვეყნების ელჩებს, მსოფლიო მედიას, ევროსაბჭოს, ევროკავშირს, გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლეს კომისარს და ადამიანის უფლების დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს გაუგზავნიან. ჟურნალისტები ფოტორეპორტიორების საქმეზე გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნას და დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. შს სამინისტროსთან საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლები ამერიკის საელჩოსთან გადაინაცვლებენ, სადაც სოლიდარობის 7-წუთიანი აქცია გაიმართება და ამერიკის ელჩ ჯონ ბასს ჟურნალისტების მიერ ხელმოწერილი მიმართვა გადაეცემა.

ამასთან, თბილისში დაგეგმილი აქციების პარალელურად, დღეს, 13:00 საათზე, ფოტორეპორტიორების სოლიდარობის აქცია ბათუმსა და ოზურგეთშიც გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ შსს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ფოტოკორესპონდენტები –ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტორეპორტიორი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი) რამდენიმე დღის წინათ დააკავა. ირაკლი გედენიძეს, ზურაბ ქურციკიძესა და გიორგი აბდალაძეს ბრალად ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება. მათ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ნათია გედენიძე კი 10-ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

 

საქინფორმი