თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულ ფოტორეპორტიორებს აღმკვეთი ღონისძიების სახით დაპატიმრება შეუფარდა.
ამის შესახებ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გიორგი აბდალაძის ადვოკატმა რევაზ ჩინჩალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გიორგი აბდალაძე მოითხოვდა წინასწარი აღმკვეთი ღონისძიება არ ყოფილიყო პატიმრობა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ჩინჩალაძის განცხადებით, სხვა დაკავებულებმაც მოითხოვეს გირაოს შეფარდება, თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.„სასამართლო პროცესი 1 სექტემბერს დაიწყება. ეს პროცესიც იქნება დახურული. რაც შეეხება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, იგი ბრალს არ აღიარებს, ხოლო დანარჩენი ორის პოზიციაზე მე ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა რევაზ ჩინჩალაძემ.
ირაკლი გედენიძეს, ზურაბ ქურციკიძესა და გიორგი აბდალაძეს ბრალად ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება. ბრალი მათ წუხელ, გვიან ღამით, წაუყენეს.
ირაკლი გედენიძის მეუღლე ნათია გედენიძე მოდულის შენობიდან წუხელ გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლების პირობები უცნობია.
ბრალდება 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეს გრიფი „საიდუმლო“ დაედო.
საქინფორმი