სამართალი
ფოტორეპორტიორებს ჯაშუშობაში ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

fotokameraფოტორეპორტიორებს – გიორგი აბდალაძეს, ზურაბ ქურციკიძეს და ირაკლი გედენიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე – ჯაშუშობის მუხლით, წაუყენეს, დაახლოებით, 03.00 საათზე.

ირაკლი გედენიძის მეუღლე ნათია გედენიძე კი გაათავისუფლეს და ამჟამად სახლში იმყოფება. არავის შეუნიშნავს თუ როგორ დატოვეს მოდულის შენობა ნათია გედენიძემ და მისმა ადვოკატმა, ცოტნე ცანავამ.

მძიმე ემოციური მდგომარეობის გამო ნათია გედენიძემ ჟურნალისტებთან სატელეფონო საუბარი ვერ შეძლო. ამასთან, ნათია გედენიძის გათავისუფლების პირობები უცნობია.

რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებულებს, როგორც მოდულის შენობიდან გამოსულმა ადვოკატებმა რამაზ ჩინჩალაძემ, მიხეილ ღოღაძემ და სატელეფონო საუბრისას ცოტნე ცანავამ განაცხადეს, აბდალაძე, ქურციკიძე და გედენიძე დანაშაულს არ აღიარებენ.

გია აბდალაძის ადვოკატ მიხეილ ღოღაძის ინფორმაციით, აბდალაძე შიმშილობას განაგრძობს და გუშინდელთან შედარებით უფრო დასუსტებულია.

ადვოკატების ინფორმაციით, ბრალდებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს დილით დაიწყო.

ადვოკატების განცხადებით, მოდულის შენობაში ბრალდებულების დაკითხვა არ მომხდარა და მხოლოდ ბრალის წარდგენის პროცედურა განხორციელდა. სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის I ნაწილი 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს.

 

საქინფორმი