თბილისის საქალაქო სასამართლოში ფოტოგრაფების საქმის განხილვა დაიწყო. საქმეს დაედო გრიფი „საიდუმლო“, ამიტომ პროცესი დახურულია. დაკავებულებს ბრალი გვიან ღამით 3 საათისთვის წაუყენეს. მათ სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლით გაასამართლებენ. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი გედენიძის მეუღლე ნათია გედენიძე წუხელ ღამით გაათავისუფლეს. ბრალი წაუყენეს 3 ფოტოგრაფს.
ადვოკატების ცნობით, ზურაბ ქურციკიძე და გიორგი აბდალაძე ბრალს არ აღიარებენ. ადვოკატები უკვე გაეცნენ საქმის მასალებს. ბრალის წაყენებამდე მათ ამის შესაძლებლობა არ ჰქონდათ.რაც შეეხება გედენიძეების საქმეში მათი უფლებების დასაცავად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ჩართულ ადვოკატებს, მათ გედენიძეებმა აცილება მისცეს.
როგორც საიას მიერ საქმეში ჩართულმა ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა საქინფორმს განუცხადა, მას გედენიძეების სახელით დაწერილი წერილი აჩვენეს, სადაც ისინი საიას ადვოკატებს აცილებას აძლევდნენ. დაკავებულებთან შეხვედრა კი მან ვერ მოახერხა, რომ პირადად მათგან მოესმინა საქმის შესახებ. „გედენიძეებმა აცილება მოგვცეს. რამდენად რეალურია, ან რამდენად იყო ეს მათი ნება, ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ“, – განგვიცხადა გაგი მოსიაშვილმა.
საქინფორმი