პოლიტიკა
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მიზანშეწონილად მიიჩნია

 საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მიზანშეწონილად მიიჩნია, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შესაბამისი დასკვნა გადაგზავნილია საქართველოს პრეზიდენტთან.

„საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა. შესაბამისი დასკვნა გადაგზავნილია საქართველოს პრეზიდენტთან“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი. ამ თემაზე სალომე ზურაბიშვილმა განცხადება 19 სექტემბერს გააკეთა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს.