აქტუალური
რომან გოცირიძე: ნათია თურნავამ უკანონო ბრძანება უნდა გააუქმოს და ეროვნული ბანკი დატოვოს

 საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლმა ნათია თურნავამ „გარე ზეწოლით მიღებული თავისი უკანონო ბრძანებულება“ უნდა გააუქმოს და ეროვნული ბანკი დატოვოს.

გოცირიძე საკუთარ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში სამოქმედო გეგმის რამდენიმე პუნქტს ასახელებს. მისი თქმით, უნდა დაიწყოს ქუჩის აქციები „ეროვნული ბანკის საქმიანობაში უხეში ჩარევის აღსაკვეთად“.

„1. დღესვე უნდა გააუქმოს ნათია თურნავამ გარე ზეწოლით მიღებული თავისი უკანონო ბრძანებულება; 2. უნდა დატოვოს მან ეროვნული ბანკი, რადგან იგი გახდა ზედმეტი ტვირთი ქვეყნის ფინანსური სისტემისათვის. იგი ვერასდროს აღიდგენს ნდობას და რეპუტაციას როგორც ჩვენი მოქალაქეების, ასევე უცხოელი ინვესტორების თვალში; 3. უნდა გაირკვეს, რა როლი მიუძღვის ამ დანაშაულებრივ ქმედებაში ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს და საბჭოს წევრებს და ამის მიხედვით მოხდეს მათ მიმართ მოთხოვნების ჩამოყალიბება; 4. სალომე ზურაბიშვილმა ბოდიში უნდა მოუხადოს საზოგადოებას ნათია თურნავას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად წარდგენისათვის, როგორც მის მიერ სასურველი კანდიდატისა, ასევე საბჭოს წევრად იმ პირების წარდგენისათვის, რომელიც „ქართული ოცნების“ ზეწოლით მოხდა. დაუყოვნებლივ გაიწვიოს ამ დღეებში პარლამენტში საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენილი პირი, პროფესიით მევენახე-მებოსტნეობის სპეციალისტი და მეტი სერიოზულობით მოეკიდოს ამ საქმეს; 5. შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საერთაშორისო სავალუტო ფონდსაც, რომელმაც იცოდა რა კარგად, თუ რისთვის მოხდა ეროვნული ბანკის კანონში ცვლილები, არ შეაჩერა მოქმედი პროგრამა, რითაც ლეგიტიმაცია მოახდინა ეროვნულ ბანკში მომხდარი კლანური გადატრიალებისა და წაახალისა ბანკის ხელმძღვანელობის შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებები. დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს ფონდის პროგრამა საქართველოში; 6. უნდა დაუწესდეს საერთაშორისო სანქცია ყველა პირს, ვინც მონაწილეობდა ამერიკის მთავრობის მიერ სანქცირებული, რუსეთის აგენტად შერაცხული პირისათვის შეზღუდვების გაუქმების გადაწყვეტილების პროცესში. ოპოზიციამ და საზოგადოებამ ყველა ღონე უნდა იხმაროს ამისათვის; 7. დაიწყოს ქუჩის აქციები (ეროვნულ ბანკის შენობასთან) ეროვნული ბანკის საქმიანობაში უხეში ჩარევის აღსაკვეთად. ასე წარმომიდგენია სამოქმედო გეგმა. პარლამენტში მოსმენებსაც დავიწყებთ, რა თქმა უნდა“,- აცხადებს რომან გოცირიძე.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.