პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: იმედი მაქვს, აშშ-ის ახალი ელჩი რადიკალურად შეცვლის იმ პოლიტიკას, რომელსაც მისი წინამორბედი აწარმოებდა

 საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. ოპტიმიზმით ველოდები ახალ ელჩს, ქალბატონ რობინ დანიგანს. იმედი მაქვს, ის რადიკალურად შეცვლის იმ პოლიტიკას, რომელსაც მისი წინამორბედი, კელი დეგნანი აწარმოებდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში კელი დეგნანის საქმიანობა კონტრპროდუქტიული იყო.

იცით, რომ ყოფილმა ელჩმა ძალიან უარყოფითი როლი შეასრულა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. სამწუხაროდ, მისი საქმიანობა კონტრპროდუქტიული იყო. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ახალი ელჩი რადიკალურად შეცვლის ამ დამოკიდებულებას და მისი ელჩობის პირობებში ქართულ-ამერიკული ურთიერთობები მეტად გაღრმავდება. დიდი ინტერესით ველოდები ახალ ელჩთან თანამშრომლობას“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძეს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა ამერიკის ახალ ელჩთან დაკავშირებით მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებას, სადაც ნათქვამია: „ელჩი რობინ დანიგანი უშუალოდ იყო ჩართული „მაიდნის“ რევოლუციის ორგანიზებაში. მას ახლო ურთიერთობები აკავშირებს როგორც ნულანდთან, ისე ერმაკთან და არახამიასთან“.

მათ აქვთ თავისი შიშები. ისინი მიიჩნევენ, რომ არის რისკები, მე მიმაჩნია, რომ ახალი ელჩის პირობებში ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რობინ დანიგანთან შედგება არაჩვეულებრივი თანამშრომლობა, რამაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობები უნდა გააღრმაოს. მარტივი პრობლემები არ იყო, რაც წინა ელჩმა შექმნა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. იმედი მაქვს, ახალი ელჩის პირობებში ეს ყველაფერი რადიკალურად შემოტრიალდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.