საზოგადოება
ქართული ოცნება აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის მხარდასაჭერად ერთიანდება

 საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ის მიერ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შესახებ ქართული ოცნების ოფიციალური პირების პირველადი რეაქციის შემდეგ, როდესაც ისინი ერთხმად აცხადებდნენ, რომ ფარცხალაძეს ბოლო 10-11 წელია საჯარო სამსახურში არ უმუშავია და კერძო პირია, GD-ის ბოლო კომენტარების ტონი და არსი შეიცვალა. ფარცხალაძეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები 15 სექტემბერს დააკისრა საქართველოზე რუსეთის მავნე ზეგავლენის გავრცელების გამო.

ბრალდებებთან დაკავშირებით ოფიციალური გამოძიება ჯერ არ დაწყებულა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მიერ, რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მხოლოდ საქმის შესწავლის შესახებ განაცხადა. ამასობაში, ქართული ოცნების წარმომადგენლები თავდაცვიდან თავდასხმაზე გადავიდნენ, ცდილობენ რა, რომ მტკიცების ტვირთი აშშ-ზე გადაიტანონ და ფარცხალაძის პიროვნულ თუ პროფესიულ თვისებებს გაუსვან ხაზი.

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე: „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, მათ შორის საჯაროდ, რომ მათ დაიწყეს საქმის მოკვლევა. ეს, რა თქმა უნდა, არის მძიმე ბრალდება, და მეორე მხრივ, ეს არის საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც ამ ტიპის სანქციაში მოექცა. ამიტომაც, თავისთავად, სუს-ი ამ საკითხზე მუშაობს, მათ შორის მიმართავს ამერიკელ პარტნიორებს, რომ გადმოსცენ მტკიცებულებები, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას უდევს და ჩვენ ვთქვით კიდევაც, რომ ამ პროცესის შესახებ სრულად ინფორმირებული იქნება ქართული საზოგადოება… ადამიანი, რომელსაც ბოლო 10 წელია არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან და საჯარო სამსახურთან, არის კერძო პირი და მეორე, სწორედ იმიტომ, რომ ეს არის მძიმე ბრალდება, ამიტომაც სუს-მა დაიწყო ამ საკითხის მოკვლევა, ამიტომაც არის, რომ მტკიცებულებებზე მიმართავს ამერიკულ მხარეს და ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება ღია კომუნიკაცია საზოგადოებასთან“.

კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი: „პირველ რიგში, საჭიროა უფრო მეტი ინფორმაციის გასაჯაროება, მეტი კონკრეტიკის წარმოდგენა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა იმსახურებს იმას, რომ საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელზეც ამბობენ სანქცირებულიაო, მეტი ინფორმაცია წარმოადგინონ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საქმის შესწავლა დაიწყო, ალბათ შესაბამისი უწყება მიმართავს თავის კოლეგებს, რომ საკითხის გარშემო მეტი კონკრეტიკა წარმოადგინონ. გახსოვთ, მოსამართლეების შემთხვევა, როდესაც ვიზების შეზღუდვა მოხდა. თუმცა, ახსნა-განმარტებიდან ვერავინ ვერაფერი გაიგო, თუ რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რას უკავშირდებოდა. მე ვფიქრობ, სულ მცირე, როცა სტრატეგიულ პარტნიორზეა საუბარი და ასეთი გადაწყვეტილების მიღება ხდება, ჩვენთვის მეტი კონკრეტიკა უნდა იყოს მოწოდებული“.

ირაკლი ზარქუა, „ქართული ოცნება“, დეპუტატი: „ამ ხელმოცარულებს, რადიკალებს პირადი მტრობა აქვთ ბატონ ფარცხალაძესთან – რატომ? ფარცხალაძე იყო ადამიანი, რომელმაც დაიწყო ამ მწვალებლების ციხეში ჩასმა, ყველა მაგიტომ დაიწყო, მათ შორის, სააკაშვილის წინააღმდეგ, ბუნებრივია, პირადი მტრობა აქვთ. იმიტომ, რომ ის არ დაემორჩილა მათ პოლიტიკურ ინტერესებს. მაგათ დროს მუშაობდა – ანგელოზი იყო, ხოლო ახლა, როცა რამდენი წელია საჯარო სამსახურში აღარ არის, ახლა აღმოჩნდა პრობლემა? ეს არის რადიკალების პირადი შურისძიება ამ ადამიანზე, პროკურატურაზე“.

ირაკლი ქადაგიშვილი, „ქართული ოცნება“, დეპუტატი: „ბიზნესი რუსეთში ძალიან ბევრ ქართველს აქვს და ამიტომ ახლა დავერიოთ ყველა ქართველს?! როცა საუბარია, რომ ის ზეგავლენას ახდენდა, რაღაც ფაქტი ან მამტკიცებელი საბუთი უნდა იყოს, რომ დავიჯერო… აქედან გამომდინარე მეტი არგუმენტები გვაინტერესებს, სუს-მა ამიტომაც განაცხადა, რომ მოკვლევას ჩაატარებს, რომ მეტი კონკრეტიკა იყოს ამასთან დაკავშირებით… შემთხვევითობის კითხვა ჩნდება, როცა არ მოჰყვება გადაწყვეტილებას კონკრეტული არგუმენტირებული ინფორმაცია, ეს შემთხვევითობის სინდრომი ჩნდება“.

არჩილ თალაკვაძე, „ქართული ოცნება“, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე: „ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბატონი ფარცხალაძის ადვოკატები გაარკვევენ დეტალებს. რაც შეეხება ჩემს პირად მოსაზრებას, იმ ინფორმაციით, რაც 10 წლის წინ სახელმწიფო სექტორში მისი მუშაობის დროს ჩემთვის ცნობილი იყო და საჯარო წყაროებით ჩემთვის ცნობილია, ფარცხალაძე არ არის, ჩემი აზრით, ის ადამიანი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იმუშავებდა და თავის ქვეყანას ძირს გამოუთხრის. ჩემი მოსაზრება ასეთია, პირველ რიგში ალბათ, ადვოკატებმა უნდა მიიღონ ინფორმაცია, რას ეფუძნებოდა ეს სანქციები“.