სამართალი
ხატია დეკანოიძე: არავითარი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ „ქართული ოცნება“ დასჯის ფარცხალაძეს

 საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. არავითარი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ „ქართული ოცნება“ დასჯის ფარცხალაძეს, რომელიც ივანიშვილთან უშუალო კავშირშია მხილებული - ქვეყანას რუსეთის გავლენისგან მხოლოდ მათი დამარცხება გაათავისუფლებს, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტში, ჟურნალისტებთან განაცხადა.

დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ სანქცირებულ პირთა წრე გაიზარდოს.

ფარცხალაძის დასანქცირება არის ძალიან მძიმე გამოხატულება საქართველოს დღევანდელი მოცემულობის, როცა გენპროკურორი, ძალიან ახლო ადამიანი ივანიშვილის, გამოვლინდა როგორც „ეფესბეს“ აგენტი, ადამიანი, რომელიც პირდაპირ ახდენდა გავლენას საქართველოში რუსეთის სასარგებლოდ. ფარცხალაძე დღესაც ახდენს გავლენას, იგი არის ბიზნესების წილში, იგი არის ივანიშვილის უშუალო ემისარი და მეკავშირე რუსეთში. მე არაერთხელ გამიკეთებია ამაზე განცხადება, მათ შორის, შარშან, როცა ფარცხალაძე დაასანქცირა სხვა ადამიანებთან ერთად, მაგალითად, ჩხარტიშვილთან და უჩა მამაცაშვილთან ერთად უკრაინამ. „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება, განცხადებები პირდაპირ ამხელს მათ ანტიეროვნულ განწყობას. ახლა დაწყებული უნდა იყოს გამოძიება, დაკავებული, დადგენილი უნდა იყოს ყველა ის პირი, რომელიც ფარცხალაძესთან იყო კავშირში, მაგრამ ეს ხელისუფლება და ივანიშვილი არის ანტიეროვნული, ამიტომ არავითარი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ „ქართული ოცნება“ დასჯის იმ ადამიანს, რომელიც უშუალოდ მათზე ახდენდა გავლენას და ივანიშვილთან უშუალო კავშირშია მხილებული, ამიტომ ერთადერთი, რაც ჩვენს ქვეყანას გაათავისუფლებს რუსეთის გავლენისგან, არის ამ ხელისუფლების დამარცხება და ჩამოცილება ხელისუფლებიდან.

ყველა ის ადამიანი, რომელიც სანქციების თავიდან არიდების კონტექსტში აკეთებს ფულს, საქართველოში რუსეთის გავლენებს აძლიერებს, ეხმარება რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, განიხილება როგორც პოტენციური სანქციების ობიექტი, ამიტომ მე ველოდები, რომ სანქციები კიდევ შეიძლება იყოს“, - განაცხადა დეკანოიძემ.