აქტუალური
საქართველოს რეფორმების შეფასება: ბოლო განახლება ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების თაობაზე

 საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. 15 სექტემბერს, ცხრა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ღია საზოგადოების ფონდის თაოსნობით საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო 12 პრიორიტეტის შესრულება შეაფასა. შეფასების ანგარიშში ნათქვამია, რომ ერთი პრიორიტეტი სრულადაა შესრულებული (ECHR-ის გადაწყვეტილებების პროაქტიული გათვალისწინება); მეტწილად შესრულდა ორი პრიორიტეტი (დამოუკიდებელი სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის აპარატის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, ანტი-კორუფციული ღონისძიებები, მედია გარემომ, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა), ხოლო ორი პრიორიტეტი (დე-ოლიგარქიზაცია და პოლიტიკური დე-პოლარიზაცია) კვლავ შესასრულებელია.

ზემოთ ხსენებული ცხრა არასამთავრობო ორგანიზაცია რეგულარულად აფასებს საქართველოს პროგრესს. ეს ბოლო შეფასების ანგარიშია, ვინაიდან მომდევნო თვეს ევროკომისია საქართველოს მიერ პრიორიტეტების შესრულებას შეაფასებს.

შეფასების რიგით მეექვსე დოკუმენტი „კანდიდატის სტატუსმეტრი“ 31 ივლისიდან 15 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს და აფასებს არსებულ მდგომარეობასა და იმ ნაბიჯებს, რომლებიც ხელისუფლებამ მომავალში კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა გადადგას.

დოკუმენტის თანახმად, წინა შეფასების შემდეგ (2023 წლის 1 აგვისტო), ცვლილებები შეინიშნება იმ პრიორიტეტებში, რომლებიც სახალხო დამცველის ინსტიტუტის დამოუკიდებლობას (დადებითი ცვლილება) და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას (უარყოფითი ცვლილება) ეხება. მცირე დადებითი ცვლილებები ასევე შეინიშნება სხვა პრიორიტეტებში, როგორიცაა მედია, საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და დე-ოლიგარქიზაცია.

მეექვსე ანგარიში აღნიშნავს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის პრიორიტეტის გაუარესებას; მანამდე მისი შეფასება იყო, როგორც მეტწილად შესრულებული, თუმცა ახლა ნაწილობრივ შესრულებულ სტატუსს დაუბრუნდა. ეს რეგრესი რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული. მათ შორის ის ფაქტორებია, რომ სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმები საზოგადოებისთვის არ არის ხელმისაწვდომი; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა არ გაითვალისწინა რეკომენდაციები, რომლებიც სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულების გაზრდას და ზედამხედველობის ეფექტიანობის უზრუნველყოფას შეეხებოდა; საპარლამენტო ოპოზიციას არ აქვს კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის და გენერალური პროკურორის დაბარების უფლება; ხელისუფლებას შესასრულებელი რჩება MONEYVAL-ის რეკომენდაციების ნაწილი; კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო დასწრების რეგლამენტით დადგენილი ვალდებულების მიუხედავად, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე არ ცხადდებიან.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ პრიორიტეტმა დამოუკიდებელი სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველის ინსტიტუტის დამოუკიდებლობის შესახებ გადაინაცვლა მეტწილად შესრულებული პრიორიტეტის კატეგორიაში. მიუხედავად ამისა, ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ მართალია სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა ეფექტურია, სახალხო დამცველის მიერ დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის ჩვენება და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება კვლავ გამოწვევად რჩება.

რაც შეეხება პრიორიტეტს მედიის შესახებ, ანგარიშში ნათქვამია, რომ 2023 წლის 4 აგვისტოდან დავით კეზერაშვილი აღარ არის ტელეკომპანია „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დააკმაყოფილა დავით კეზერაშვილის მოთხოვნა და კუთვნილი 51 პროცენტიანი წილიდან 25 პროცენტი გადაეცა თანამშრომელთა გაერთიანებას – ააიპ “თავისუფლების ფორმულას”.

დოკუმენტის თანახმად, 2023 წლის 1 სექტემბრიდან ანტიკორუფციული ბიუროს მანდატი გაფართოვდა და მას პარტიების დაფინანსების მონიტორინგი ევალება.  

რაც შეეხება პრიორიტეტს საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმების შესახებ, ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ცესკო-ს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევისთვის საჭირო ხმების 90-მდე გაზრდის თაობაზე მოკრძალებულ, თუმცა ხელსაყრელ განვითარებას წარმოადგენს. ისინი ხაზს უსვამენ შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობას ცესკოს ხმის მიცემის რეგულაციების თავდაპირველ მდგომარეობაში დასაბრუნებლად. ანალოგიურად, დეოლიგარქიზაციის პრიორიტეტში, მცირე ნაბიჯი გადაიდგა ახლად შემოთავაზებული დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმით, რომელმაც, როგორც ითქვა, სისტემური მიდგომა უნდა ჩამოაყალიბოს. თუმცა, დოკუმენტის ტექსტი ჯერჯერობით არ გასაჯაროვებულა. ანგარიში კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ ამ პრიორიტეტის შესასრულებლად ქმედითი ზომები მიიღოს.

დოკუმენტში თავმოყრილია შემდეგი ორგანიზაციების შეფასებები: ღია საზოგადოების ფონდი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, სასამართლოს გუშაგი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, მმართველობის მონიტორინგის ცენტრი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, საფარი.