საზოგადოება
მეთიუ მილერი: ჩვენ მიერ ინდივიდუალური პირის მიმართ დაწესებული ვერც ერთი სანქცია ვერ შეცვლის ხედვას აშშ-საქართველოს ურთიერთობებში

 საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. უკანასკნელი 30 წელიწადში აშშ და საქართველო ვიქეცით სტრატეგიულ პარტნიორებად, ვმუშაობთ ერთად ისეთი საქართველოსთვის, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში. ჩვენ მიერ ინდივიდუალური პირის მიმართ დაწესებული ვერც ერთი სანქცია ამ ხედვას ვერ შეცვლის ჩვენს ურთიერთობებში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ქართველი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც აშშ-ის მიერ ამასწინათ გამოცხადებულ სანქციებს ეხებოდა.

ჟურნალისტმა მეთიუ მილერს ჰკითხა – „წელს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციები დაწესდა. მანამდე სანქციები შეეხოთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს. ხომ არ იქონიებს ეს გავლენას საქართველო-აშშ-ის ურთიერთობაზე“.

მე არ მსურს, ასეთი დასკვნის გამოტანა. მე ვიტყვი, რომ ჩვენ სანქციები დავუწესეთ 150-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკური პირს. არ ვისაუბრებ თითოეული სანქციის დეტალებზე. გადაგამისამართებთ ჩვენს და სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან, თუმცა 150 პირზე ცალ-ცალკე დეტალურად ვერ ვისაუბრებ. ჩვენ ყოველთვის ვიყავით სოლიდარული ქართველი ხალხისადმი და მათი მისწრაფებისადმი, იყვნენ თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უკანასკნელ 30 წელიწადში ჩვენ ვიქეცით სტრატეგიულ პარტნიორებად, ვმუშაობთ ერთად ისეთი საქართველოსთვის, რომლის ხედვასაც ვიზიარებთ, საქართველოსთვის, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებულო ევროატლანტიკურ ოჯახში და ჩვენ მიერ ინდივიდუალური პირის მიმართ დაწესებული ვერც ერთი სანქცია ამ ხედვას ვერ შეცვლის ჩვენს ურთიერთობებში“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

აშშ რუსეთის მიერ უკრაინაში უკანონო ომის წარმოებასთან დაკავშირებით, 150-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციებს უწესებს. სანქცირებულ პირთა შორის არის საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.