აქტუალური
პუტინის სიტყვა აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე - რამდენიმე მთავარი მომენტი

 საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სიტყვით გამოვიდა აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე, რომელიც ვლადივოსტოკში 10 სექტემბერს დაიწყო და 13 სექტემბრამდე გასტანს.

სააგენტო რია ნოვოსტიმ, რომელიც ფორუმის გენერალური საინფორმაციო პარტნიორია, რუსეთის ლიდერის სიტყვიდან მთავარი გზავნილები ამოკრიბა.

ვლადიმირ პუტინს მიაჩნია, რომ საომარი მოქმედებების შეჩერება შეუძლებელია, ვინაიდან „მოწინააღმდეგე მხარე კონტრშეტევას ახორციელებს“.

რა უნდა გავაკეთოთ? ისინი კონტრშეტევაზე მოდიან და ჩვენ კი ვთქვათ, რომ ვწვეტთ [საომარ მოქმედებებს]? ჩვენ ხომ ტროცკისტები არ ვართ. მოძრაობა ყველაფერია, საბოლოო მიზანი კი არაფერი. ეს ცუდი თეორიაა", — განაცხადა მან.

ამასთან რუსეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო 6-7 თვის განმავლობაში 270 ათასმა ადამიანმა ნებაყოფლობით მოაწერა ხელი შეიარაღებულ ძალებსა და მოხალისეობრივ დანაყოფებში სამსახურის კონტრაქტებს.

ადამიანები შეგნებულად მიდიან სამხედრო სამსახურში დღევანდელ პირობებში, იმის გაცნობიერებით, რომ საბოლოო ჯამში ისინი ფრონტზე აღმოჩნდებიან. ჩვენი მამაკაცები, რუსი კაცები, რომლებმაც იციან, რა ელოდებათ, იციან, რომ შეიძლება სიცოცხლის გაღება მოუხდეთ სამშობლოსთვის, მძიმედ დაიჭრნენ, მაგრამ მაინც აკეთებენ ამას შეგნებულად და ნებაყოფლობით, სამშობლოს ინტერესების დასაცავად", — აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა უკრაინის სპეცსამსახურების დივერსიული ჯგუფის რამდენიმე წევრი დააკავა, ნაწილი გაანადგურა, დანარჩენები კი ტყვედ აიყვანა.

დაკითხვებმა აჩვენა, რომ მათი ამოცანა ჩვენი ერთ-ერთი ატომური ელექტროსადგურის დაზიანება და ელექტროგადამცემი ხაზის აფეთქება იყო იმ მიზნით, რომ საბოლოო ჯამში ენერგეტიკული სადგურის მუშაობა შეფერხებულიყო. ეს არ არის პირველი ასეთი მცდელობა", — დაასკვნა პუტინმა.

რუსეთის ლიდერის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში გლობალური ეკონომიკა შეიცვალა და კვლავაც იცვლება, მათ შორის იმის გამო, რომ ზოგიერთი ქვეყანა, პირველ რიგში დასავლეთი, საკუთარი ხელით ანგრევს თავისივე ხელით შექმნილ-აგებულ ფინანსურ, სავაჭრო, ეკონომიკურ ურთიერთობათა სისტემას.

ფართოვდება იმ სახელმწიფოების ნამდვილად საქმიანი თანამშრომლობის სივრცე, რომლებიც არ ემორჩილებიან რაიმე გარე ზეწოლას და საკუთარ ეროვნულ ინტერესებს მისდევენ. <... > ისინი ათვლის წერტილად არა რომელიმე მიმდინარე პოლიტიკურ მომენტს, არამედ საკუთარი პროექტების პროგრესს მიიჩნევენ“, — აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის მონაცემებით, გასულ წელს რუსეთის სავაჭრო ბრუნვა აზია–წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებთან 13,7%-ით გაიზარდა, ხოლო მიმდინარე წლის პირველ ნახევარში – კიდევ 18,3%-ით.

სომხეთისა და აშშ-ის თანამშრომლობაზე საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს რაიმე სახის გადახვევას.

არ მგონია, რომ რაიმე სახის გადახვევა არსებობდეს. ჩვენ ვხედავთ და გვესმის, თუ რა ხდება", — განაცხადა მან.

რუსეთი და ჩინეთი არავის წინააღმდეგ არ ქმნიან სამხედრო კავშირებს და არავის წინააღმდეგ არ მეგობრობენ, აღნიშნა პუტინმა.

ჩვენ არ ვქმნით სამხედრო კავშირებს, ჩვენ არ ვმეგობრობთ ვინმეს წინააღმდეგ. ჩვენ მხოლოდ ჩვენი ხალხების ინტერესებში ვმეგობრობთ. და მომავალშიც ასე გაგრძელდება“, — დაასკვნა რუსეთის პრეზიდენტმა.