საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: არც ერთი სანქცირებული ავიაკომპანია და თვითმფრინავი არ იფრენს და არ დაფრინავს საქართველოში

 საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. მკაფიოდ განვმარტეთ, რომ არც ერთი სანქცირებული ავიაკომპანია და თვითმფრინავი არ იფრენს და არ დაფრინავს საქართველოში, აქაც ვიცავთ დისციპლინას და აბსოლუტურად სუფთად და გამჭვირვალედ ვმუშაობთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანა ძლიერდება, ვითარდება, მდიდრდება და მისი, როგორც მთავრობის მეთაურის პირდაპირი ვალდებულებაა, დაიცვას და გააძლიეროს ქვეყანა.

„ფრენებზე მინდა ვთქვა კიდევ ერთხელ. თქვენ ახსენეთ და მინდა გამოვეხმაურო. რაც შეეხება ფრენებს, ჩვენ ამის თაობაზე მკაფიოდ განვმარტეთ, რომ არც ერთი სანქცირებული ავიაკომპანია და არც ერთი სანქცირებული თვითმფრინავი არ იფრენს და არ დაფრინავს საქართველოში. აქაც ჩვენ ვიცავთ დისციპლინას და აბსოლუტურად სუფთად და გამჭვირვალედ ვმუშაობთ. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ბოლო სამი წელია იზრდება ძალიან სწრაფად. ჩვენ ვართ დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა. ბოლო 2 წელი გვქონდა 10% იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა ჩვენ გვაქვს 7% ზე მეტი. ინფლაცია არის დარეგულირებული, 0,9% არის ინფლაცია. უმუშევრობა, სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე, ქვეყნის რეზერვები არის ისტორიულ მაქსიმუმზე, ქვეყანა ძლიერდება, ვითარდება, მდიდრდება. ეს არის ჩვენი პირდაპირი ვალდებულება, ჩემი როგორც მთავრობის მეთაურის, რომ ქვეყანა დავიცვათ და გავაძლიეროთ”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.