აქტუალური
დაგირავებული ქონება იპოთეკარების ხელში აღარ გადავა

ipteka1 ივლისიდან იძულებითი აუქციონის ჩატარების ახალი წესი ამოქმედდა, რომლის თანახმად, მოვალის ქონება იძულებით სარეალიზაციოდ პირველ აუქციონზე მისი საბაზრო ღირებულების 50 %-ად გავა, შემდეგ ინიშნება განმეორებითი პირველი აუქციონი, სადაც ქონების საწყისი ფასი კვლავ ნახევრდება და შეადგენს საბაზრო ღირებულების 25 %-ს. აღნიშნული აუქციონების უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში ინიშნება მეორე აუქციონი, სადაც ქონების საწყისი ფასია ნული ლარი. ფასის მატების ბიჯი ამ აუქციონზე შეადგენს პირველ აუქციონზე ქონების საწყისი ფასის 2 %-ს. მეორე აუქციონის უშედეგოდ დასრულებისას ქონება თავისუფლდება ყოველგვარი უფლებრივი შეზღუდვისაგან და უბრუნდება მოვალეს. აღნიშნულ ქონებაზე იმავე მოთხოვნასთან დაკავშირებით იმავე კრედიტორის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოება აღარ განხორციელდება.

ინფორმაციისთვის: ცვლილებამდე მოვალის ქონება პირველ აუქციონზე გადიოდა მისი საბაზრო ღირებულების 50 %-ად, მეორეზე – ღირებულების 25 %-ად, ხოლო თუ ორივე აუქციონი უშედეგოდ დასრულდებოდა და ქონებას მყიდველი არ გამოუჩნდებოდა, მოვალის ქონება ნატურით გადადიოდა კრედიტორის საკუთრებაში.

აღნიშნული სქემით მოხერხებულად სარგებლობდნენ გამსესხებლები. მაგალითად, როდესაც პირი სესხად გასცემდა სოლიდურ თანხას და მის უზრუნველსაყოფად იპოთეკით ტვირთავდა მსესხებლის უძრავ ქონებას, ხშირ შემთხვევაში, იპოთეკარი „დაშლიდა“ თანხას და არეგისტრირებდა ორი რიგის იპოთეკას: პირველი რიგის იპოთეკით უზრუნველყოფილი იყო სესხის უდიდესი ნაწილი, ხოლო მეორე რიგით – მიზერული თანხა. სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში იპოთეკარი (კრედიტორი) სწორედ ამ მიზერული თანხით იწყებდა იძულებით აღსრულებას.

ქონებაზე, რომელსაც „დავალიანება“ მოჰყვება, მოთხოვნა, რასაკვირველია, დაბალია. შესაბამისად, ქონების იძულებითი რეალიზაციის შანსი ნაკლებია და კრედიტორი ხშირ შემთხვევაში ხდებოდა მოვალის ქონების მესაკუთრე, მიუხედავად დავალიანების მოცულობისა.

 

საქინფორმი