საზოგადოება
მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად უკვე 80 ხელმოწერაა

 საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია და იმპიჩმენტის დაწყების ვალდებულება არსებობს. 80 ხელმოწერაა უკვე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უმრავლესობის დეპუტატებში ამ მხრივ ერთიანობაა.

„პრეზიდენტი ორი დღის განმავლობაში დემონსტრაციულად არღვევდა კონსტიტუციას და ეს, იმპიჩმენტის დაწყების გარდა, სხვა გასაქანს არ ტოვებდა. აქ არაფერია დასაკვალიფიცირებელი.

კონსტიტუცია დაარღვია და ვალდებულება არსებობს იმპიჩმენტის დაწყების. 80 ხელმოწერაა უკვე. ვინც ფიზიკურად ადგილზეა, იმპიჩმენტის დაწყებას ყველამ ხელი მოაწერა. უმრავლესობა ამ პოზიციაზე ერთიანია. ახლა საჭიროა, ნოტარიულად დავადასტუროთ, საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართულ ოცნებას“ ვინ წარმოადგენს. ამის შემდეგ საპროცედურო კომიტეტი ხელმოწერების ნამდვილობას დაადგენს და სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება. რაც შეეხება პოლიტიკურ, მორალურ და იურიდიულ მხარეს, სამართლებრივად სადავო არაფერია, კონსტიტუცია დარღვეულია. პრეზიდენტი, რომელიც ამბობს, რომ საქართველო არც შარშან და არც წელს იმსახურებს სტატუსს, თავად არ უნდა ითხოვდეს მთავრობისგან თანხმობას, რომ მათ ნაცვლად წარმოადგინოს ქვეყანა უცხოეთში. კონსტიტუციაში წერია, რომ ეს მთავრობის საქმეა და არა – მისი. თქვენ რომ გადაწყვიტოთ, ევროპელ ლიდერებს შევხვდებიო, ეს თქვენი კომპეტენცია ხომ არ არის?“, – განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.