საზოგადოება
დენიელ ფრიდი: მთავარი, რისი გაკეთებაც საქართველოს შეუძლია, არის დემოკრატიის, საკუთარი ინსტიტუტების და კეთილდღეობის აშენება

 საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, დენილ ფრიდმა ქართველ ჟურნალისტებთან უკრაინაში მიმდინარე ომზე და საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

დენიელ ფრიდი აცხადებს, რომ მთავარია, რას აკეთებს მთავრობა იმისთვის, რომ ქვეყანა დაუახლოვდეს ევროპულ ოჯახს. მისი თქმით, მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ააშენოს ძლიერი ინსტიტუტების ქვეყანა, რომელიც გააძლიერებს საქართველოს და დაიცავს თავის ადგილს ევროპულ ოჯახში.

„ქართული პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის. მე ამერიკელი ვარ, არ მაინტერესებს, რომელი პარტია მოიგებს საქართველოს არჩევნებში. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ააშენოს თავისი დემოკრატია და ააშენოს თავისი ინსტიტუტები ისე, რომ ის რეალურად გახდეს ევროპული ქვეყანა. შემდეგ კი ინსტიტუციური მოწყობა მოჰყვება. მე ვიცი, რაზეც ვლაპარაკობ. პოლონელებმა და ბალტიისპირელებმა ოთხმოცდაათიან წლებში ააშენეს თავიანთი დემოკრატია სახლში და ამ წარმატების სიძლიერის საფუძველზე მათ შემდეგ თქვეს, ჩვენ უნდა შევუერთდეთ ევროკავშირს, ჩვენ უნდა შევუერთდეთ ნატო-ს და მათ მიაღწიეს წარმატებას. საქართველოს მდგომარეობა გეოგრაფიულად ყველაზე ცუდია, ეს ყველამ იცის. ჩვენ ამას მივიღებთ, მაგრამ მთავარი, რისი გაკეთებაც საქართველოს შეუძლია, არის დემოკრატიის აშენება სახლში, საკუთარი ინსტიტუტების აშენება და კეთილდღეობის აშენება. ეს არის გზა, რომ გავაძლიეროთ საქართველო და მივცეთ საქართველოს საუკეთესო მომავალი. ყოველ შემთხვევაში, ეს ჩემი შეხედულებაა. საერთაშორისო ტრანსფორმაციაში საქართველოს ჰქონდა შეფერხებები და პროგრესი. ხან ძალიან სწრაფად და წარმატებით მიიწევს წინ, ხან ნელდება. ფაქტია, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირთან იმაზე მეტადაა საქართველოს ხელში, ვიდრე ეს ბევრს ესმის. ევროპა გამოეხმაურება საქართველოს წარმატებას რეფორმების პროცესში. ისევ და ისევ, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტია აკონტროლებს. ნებისმიერი პარტია – „ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „საქართველოსთვის“, არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რას აკეთებს მთავრობა და მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ააშენოს კანონის სახელმწიფო, ააშენოს ძლიერი ინსტიტუტების ქვეყანა, რომელიც გააძლიერებს საქართველოს და დაიცავს თავის ადგილს ევროპულ ერთა ოჯახში“, – განაცხადა ფრიდმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის, დენიელ ფრიდის განცხადებით, მისთვის გაუგებარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი.

„სახე, რომელსაც საქართველო წარუდგენს მსოფლიოს, უნდა იყოს, ჩემი აზრით, პროევროპული სახე, იმის მიუხედავად, თუ რომელი პარტიაა სათავეში. პრეზიდენტი ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში ვიცნობ და ის იყო საქართველოს ევროპული მომავლის ძლიერი, თანმიმდევრული ადვოკატი. არ მესმის იმპიჩმენტის საფუძველი, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის. ფაქტია, რაც უფრო მეტს გააკეთებს საქართველო საკუთარი თავისთვის, როგორც ევროპული ქვეყნისთვის, მით უკეთესი ცხოვრება გვექნება“, – აღნიშნა ფრიდმა.

ასევე, დენიელ ფრიდმა ისაუბრა საქართველოში 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით. ფრიდი აცხადებს, რომ მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი.

„მომავალი წლის არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი და განიხილებოდეს, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიმარჯვებს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ იმოქმედოს ისე, როგორიც არის ქართველი ხალხის მისწრაფება ევროპასა და ნატო-ში გაწევრიანებაზე. როგორც ჩანს, ეს სურს ქართველ ხალხს და ამიტომ მე ამის მომხრე ვარ. იმედი მაქვს, რომ საქართველო შეძლებს ამ მიმართულებით სვლას“, – განაცხადა ფრიდმა.

ამასთან, დენიელ ფრიდმა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მოსაზრება, თითქოს ნატო არის პასუხისმგებელი პუტინის უკრაინაში შეჭრაზე, სისულელეა.

„ვფიქრობ, მოსაზრება, რომ ნატო არის პასუხისმგებელი პუტინის უკრაინაში შეჭრაზე, სისულელეა, ეს, უბრალოდ, სისულელეა, ფაქტია, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ არაფერი მომხდარა უკრაინის ნატო-სთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. არაფერი. ნული, ის მთლიანად გაყინულია და პუტინმა მაინც შეუტია. მიზეზი არაფერ შუაშია უკრაინასა და ნატო-სთან და ყველაფერ იმასთან, რომ უკრაინა ცდილობდა დამოუკიდებელი კურსის გატარებას. როგორც ადრე ვთქვი, აეშენებინა დემოკრატია და კეთილდღეობა ქვეყანაში, ისევე როგორც დამოუკიდებლობა. ეს არის ნამდვილი მიზეზი“, – აღნიშნა ფრიდმა.