საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. ტელეგრამ-არხის D News Abkhazia-ს ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.
„ჩვენი წყაროს ინფორმაციით, არძინბამ თავის თანამშრომლებს უკვე განუცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს ტოვებს და რუსეთში ბრუნდება“, - ნათქვამია ცნობაში.
მანამდე კი ტელეგრამ-არხმა „ლეგიტიმნი“, რომელსაც მილიონზე მეტი აუდიტორია ჰყავს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ „კრემლში უკრაინის ყოფილი კურატორი ინალ არძინბა მოსკოვში ბრუნდება“, იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღოს „კოლექტიურ დასავლეთთან იდეოლოგიურ“ ბრძოლაში. მასალაში მითითებული იყო, რომ არძინბა იმუშავებს „რუსეთ-ბელარუსის“, „მოკავშირე სახელმწიფოს“ მიმართულებით.
არძინბას გადადგომის შესახებ ცნობა ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა.
ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელად 2021 წლის 17 ნოემბერს დაინიშნა. ის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ნათესავია.
განათლება მიღებული აქვს მოსკოვში, ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში, მსოფლიო ეკონომიკისა და მსოფლიო პოლიტიკის ფაკულტეტზე 2007-2012 წლებში.
სხვადასხვა დროს ის მუშაობდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში; დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩევლად; ხელმძღვანელობდა რუსეთის პატრიარქ კირილთან არსებულ ახალგაზრდულ საქმეთა საზოგადოებრივ საბჭოს.
უკრაინაში მას ადანაშაულებენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში - უკრაინის სახელმწიფო საზღვრების შეცვლის მცდელობასა და ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში. კრემლში ის კურირებდა ურთიერთობას დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან.
უკრაინამ არძინბას საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. 2015 წელს ის უკრაინის მტრების სიაშიც მოხვდა.
2017 წელს, ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებით, ინალ არძინბას მიენიჭა მე-3 კლასის სრული სახელმწიფო მრჩევლის წოდება.