პოლიტიკა
ფოტოგრაფების სკანდალური დაკავებით ხელისუფლება პატრიარქთან უმწვავესი დაპირისპირების გადაფარვას ცდილობს

beseliaეს განცხადება საზოგადოებრივი კამპანიის – „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ – ლიდერმა ეკა ბესელიამ გააკეთა, რომელიც დაკავებულ რეპორტიორებს სოლიდარობას უცხადებს და მოითხოვს, საჯარო გახდეს ის მთავარი გარემოებები, რაც მათ დაკავებასა და ბრალდების წარდგენას დაედო საფუძვლად.

„არცერთი მნიშვნელოვანი თემა არ უნდა დარჩეს საზოგადოების აქტიური კონტროლის გარეშე. მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ხელისუფლებას, საჯარო გახდეს ფოტორეპორტიორების საქმის გამოძიების დეტალები. მოვუწოდებ, აგრეთვე, სახალხო დამცველს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს, განახორციელონ მკაცრი მონიტორინგი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით“, – აცხადებს ბესელია.

შეგახსენებთ, რომ შსს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ფოტოკორესპონდენტები ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოგრაფი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე (გაზეთ „პრაიმ-თაიმის“ ფოტოგრაფი) და გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი) დააკავა.

დაკავებულებს ბრალად ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება. საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

 

საქინფორმი