პოლიტიკა
პრემიერი: პრეზიდენტმა დემონსტრაციულად დაარღვია ქვეყნის კონსტიტუცია

 საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დემონსტრაციულად დაარღვია ქვეყნის კონსტიტუცია, როდესაც არ გაითვალისწინა მთავრობის უარი საზღვარგარეთ ვიზიტებზე, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

ზურაბიშვილმა ევროპული ტურნე მთავრობის თანხმობის გარეშე 31 აგვისტოს დაიწყო, 1 სექტემბერს კი მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ მისი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ განაცხადა. „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნეს, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციასთან“ შეთანხმებულად მოქმედებს და მხოლოდ ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.

„ქალბატონმა პრეზიდენტმა, სამწუხაროდ, არ გაითვალისწინა მთავრობის მიერ გაგზავნილი უარი და მან დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია. მოგეხსენებათ, კონსტიტუცია განმარტავს, რომ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს მთავრობა", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის ნებართვით აქვს უფლება საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციები განახორციელოს.

ამის თაობაზე საუბარია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლში.

ზურაბიშვილმა ევროპული ტურნე გერმანიაში ვიზიტით დაიწყო, სადაც 31 აგვისტოს თავის გერმანელ კოლეგა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართა შეხვედრა. 1 სექტემბერს იგი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის შემოდგომაზე გერმანიაში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიასა და დანიაში ჩასვლა დაგეგმა, დეკემბერში – ჩეხეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელში. მთავრობამ მას ყველა ვიზიტზე უარი უთხრა.

როგორც ადრე მმართველ პარტიაში განაცხადეს, ცხადია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის მიღწევა არარეალურია, რადგანაც საპარლამენტო უმრავლესობას საამისოდ საკმარისი ხმები არ გააჩნია, მაგრამ ქვეყნის მთავარი კანონის უხეშ დარღვევაზე თვალის დახუჭვაც არ შეიძლება.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა“ და მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრებით, მხოლოდ 84 მანდატი აქვს.

ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია, „ქართული ოცნებას" კი ოპოზიციის იმედი არ აქვს. მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ზურაბიშვილი და „რადიკალური ოპოზიცია" ერთ მხარეს არიან.

ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან მათი თანხმობის მოსაპოვებლად. მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ სტატუსის მხარდაჭერის გარანტიები რამდენიმე ქვეყნისგან უკვე მიიღო.

ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. შეზღუდულ პროგრესს მიაღწია კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.

გარდა ამისა, როგორც ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საკანონმდებლო დონეზე ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია.

ურთიერთობა ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას" შორის, რომლის მხარდაჭერითაც იგი 2018 წელს პრეზიდენტი გახდა, ძალიან დაძაბულია.

გასული წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი მიმართა, როდესაც პრეზიდენტმა უარი თქვა გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნის დოკუმენტზე ხელის მოწერაზე. სარჩელის შეტანის მიზანი იყო - დაემტკიცებინათ პრეზიდენტისთვის, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს მთავრობა და არა ის. 2023 წლის თებერვალში მთავრობამ სარჩელი გაიწვია.

ამის შემდეგ ურთიერთობები ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის კიდევ გაუარესდა.

2023 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას ზურაბიშვილმა მმართველი პარტია დაადანაშაულა ქვეყნის პროდასავლური კურსის შეცვლაში და მოსახლეობის დარწმუნების მცდელობაში, რომ ევროპა ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

მისი თქმით, 2021 წელს დაიწყო „ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაცია“, რის გამოც საქართველომ 2022 წლის ივნისში არ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მაშინ სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა.

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები, რომელთა მხარდაჭერითაც ზურაბიშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, დღეს აცხადებენ, რომ ის ოპოზიციაში გადავიდა.