პოლიტიკა
მანანა მანჯგალაძე: „ფოტოგრაფები კონფიდენციალური ღონისძიებების განრიგის შესახებ ინფორმაციის გადაცემისთვის დააკავეს“

mancho_manjg„7 ივლისს დაკავებულ ოთხ ქართველ ფოტოკორესპონდენტს ბრალად ედება კონფიდენციალური ინფორმაციის, მათ შორის, კონფიდენციალურ ღონისძიებათა განრიგის შესახებ ინფორმაციის გადაცემა იმ ორგანიზაციისთვის, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც ჯაშუშური ქსელი“, – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.

„მე არ შემიძლია, დეტალურად ვისაუბრო ამ მეტად მგრძნობიარე საქმის თაობაზე, მაგრამ არის ერთი საკითხი, რომელსაც ნათელი უნდა მოვფინო: საქმე შეეხება ინფორმაციის სერიოზულ გაჟონვას ჩვენი ინსტიტუციებიდან. აქ ლაპარაკი არ არის ჟურნალისტიკაზე ან მედიასაქმიანობაზე“, – აღნიშნა მან წერილობით განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ხაზგასმით აღინიშნა ის ფაქტი, რომ ეჭვმიტანილები ფოტოგრაფები არიან, მაგრამ გუშინ მათთვის ბრალი არ წაუყენებიათ თავიანთი ფოტოგრაფიული საქმიანობის შესრულებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქმის დეტალები, რომელსაც გრიფი „საიდუმლო“ ადევს, უცნობი რჩება.

მანჯგალაძემ ხაზი გაუსვა, რომ დაკავებულთაგან ორი საჯარო მოხელე იყო, „ერთ-ერთს კი ახლო შეხება ჰქონდა პრეზიდენტთან“. ირაკლი გედენიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოგრაფი იყო, ხოლო მეორე ფოტოგრაფი – გიორგი აბდალაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.

„შესაძლოა, მათ ნებისმიერი სხვა თანამდებობა ჰქონოდათ ფოტოგრაფობის გარდა და ამ შემთხვევაშიც, საქმეს ზუსტად იგივე კვალიფიკაცია მიენიჭებოდა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

„მე ვერ გავიხსენებ ვერცერთ ჟურნალისტს საქართველოში – ვერც მხარდამჭერს და ვერც ოპოზიციურად განწყობილს მთავრობის მიმართ, რომლისთვისაც ოდესმე ბრალი დაედოთ ჯაშუშობაში, – განაცხადა მანჯგალაძემ. – ისინი, რომლებიც დააკავეს, სრულებით არ იყვნენ ცნობილი საკუთარი პოლიტიკური შეხედულებებით და აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ მათი დაკავება გაიგივებული იყოს მედიის თავისუფლებასთან“.

 

საქინფორმი