მოდულის შენობასთან დაკავებული ფოტორეპორტიორების სოლიდარობის აქცია გაიმართება
ამის შესახებ ფოტორეპორტიორების დაკავებასთან დაკავშირებით „ალია-ჰოლდინგის“ მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი. „ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფოტორეპორტიორებს შორის ერთ-ერთი – გიორგი აბდალაძე – „ალია-ჰოლდინგის“ ფოტოკორესპონდენტია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეს „გრიფით საიდუმლო“ მიანიჭა და არც ჩვენ და არც საზოგადოებამ არაფერი ვიცით, კონკრეტულად, რომელი სახელმწიფოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში და რა სახის ინფორმაციის გადაცემაში სდებენ ბრალს დაკავებულებს. სისხლის სამართლის 314-ე მუხლი, რომლითაც 8-დან 12 წლამდე უპირებენ დასჯას ფოტორეპორტიორებს, აბსოლუტურად ბუნდოვანი და გაურკვეველია. წარმოუდგენელია, დაკავებულებს ჰქონოდათ ისეთი ინფორმაცია, რომელიც დღევანდელი ტექნოლოგიებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის ხელმიუწვდომელია. თუ საქმე ეხება ინფორმაციის მოპოვებას და გავრცელებას, ეს ყველა ჟურნალისტის პროფესიული მოვალეობაა. მოვითხოვთ, დასაბუთებულად განგვიმარტონ, კონკრეტულად, რაში ედებათ ბრალი დაკავებულებს – საქმეს გრიფით „საიდუმლო“ მოეხსნას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, „ალია-ჰოლდინგი“ მოუწოდებს ყველა ფოტორეპორტიორს, ჟურნალისტს, ყველა ქართულ და მსოფლიო მედიასაშუალებას, სახალხო დამცველს, დემოკრატიის დამცველი ქვეყნების საელჩოებს, ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებს, არასამთავრობოებს და ყველა მოქალაქეს, გამოხატონ სოლიდარობა და შეუერთდნენ სოლიდარობის აქციას, რომელიც დღეს მოდულის შენობასთან 15:00 საათზე დაიწყება.
საქინფორმი