საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. 1-ლი სექტემბრიდან, მთავრობის დადგენილებით, საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიები ვალდებული იქნებიან თავიანთი ფინანსური ანგარიშები აუდიტის სამსახურის ნაცვლად მთავრობის დაქვემდებარებაში არსებულ ახალ უწყებას – “ანტიკორუფციულ ბიუროს” წარუდგინონ.
კერძოდ, ბიუროს კორუფციის პრევენციის ფინქციას ორი მიმართულება ემატება: თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების რეგისტრაცია-მონიტორინგი და პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი.
დადგენილების მიხედვით, პარტიების ანგარიშები უნდა მოიცავდეს ინფორმაციას გაწეული ხარჯების, მიღებული შემოსავლებისა და პოლიტიკური შემოწირულებების შესახებ.
ცნობისთვის, ანტიკორუფციული ბიურო ევროკომისიის მიერ განსაზღვრული მე-4 რეკომენდაციის ფარგლებში 2022 წელს შეიქმნა. ანტიკორუფციულ ბიუროს ამჟამად პრემიერ მინისტრის მიერ დანიშნული რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობს. არასამთავრობო ორგანიზაციები პრობლემურად მიიჩნევდნენ ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნის წესს, რადგან მათი თქმით პრემიერ-მინისტრის მიერ მისი დანიშვნა ამ ინსტიტუციის დამოუკიდებლობას ვერ უზრუნველყოფს.
ამასთან, როდესაც ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა 2022 წელს, არასამთვრობო ორგანიზაციები აღნიშნავდნენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ანტიკორუფციული ფუნქციების ერთ ინსტიტუციაში მოქცევა მისასალმებელი და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისია“, ცენტრალიზებული მოდელი მხოლოდ ამ ინსტიტუციის რეალური დამოუკიდებლობისა და მისთვის სათანადო (საგამოძიებო) უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში მუშაობს.