პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: „ხელისუფლება მისგან განსხვავებული აზრის მქონე ყველა ადამიანში უცხო ქვეყნის ჯაშუშს ეძებს“

alasania_irakliასე გამოეხმაურა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია „მაესტროს“ ეთერში ფოტოგრაფების დაკავების საქმეს.

ალასანიას თქმით, საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ჟურნალისტები მძიმე ბრალდებით არიან დაკავებული. „ჩვენ საკმარისი ინფორმაცია არ გვაქვს, კონკრეტულად, რა ბრალდებებით მოხდა და რა მტკიცებულებებით ამ ადამიანების დაკავება. ის ფაქტი, რომ ჟურნალისტები ასეთი ბრალდებით არიან დაკავებული, ძალიან საგანგაშოა. მითუმეტეს, საქართველოში, სადაც კარგად ვიცით, რომ შეზღუდულია პრესის თავისუფლება. რეალურად ეს არის შემაშფოთებელი ტენდენცია. თითოეულ ჩვენგანს ძალიან დიდი უსამართლობის განცდა გვაქვს. რამდენი ადამიანია დაკავებული, მათ შორის, უდანაშაულო, რომელთა უფლებებს ვერც ადვოკატი იცავს, რადგან სასამართლო არ არის ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებელი“, – განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, საგამოძიებო სამსახურმა და კონტრდაზვერვის სამსახურმა საზოგადოებას საჯაროდ მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს. „იმის თქმა, რომ სერიოზული ბრალდებები იქნება, არ არის საკმარისი, რა ახსნაც უნდა მისცეს ასეთ საგანგაშო შემთხვევას შსს-მ“, – აღნიშნა ოპოზიციონერმა ლიდერმა.

ამასთან, ალასანია მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საქმეს ყურადღებით უნდა დააკვირდეს ყველა მოქალაქე, საზოგადოება და ჟურნალისტების პროფესიული კავშირები.

შეგახსენებთ, რომ 4 ფოტორეპორტიორი გუშინ, გამთენიისა,ს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ისინი ამ დრომდე ე.წ. მოდულის შენობაში რჩებიან. ამ დრომდე არცერთი მათგანისთვის ბრალი ოფიციალურად არ წაუყენებიათ. დაკავებულთაგან ერთ-ერთი, გიორგი აბდალაძე მშრალ შიმშილობას განაგრძობს.

 

საქინფორმი