საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. ყველანაირი მცდელობა, პრეზიდენტს ხელი შეეშალოს ვიზიტების განხორციელებაში, არის სწორედ ანტიკონსტიტუციური ქმედება - „ქართულ ოცნებას“ მოსკოვში საკუთარი მმართველებისგან აქვს დავალება, რომ ჩვენმა ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ერთადერთი შანსი, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს, იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ შეუსრულებელი ვალდებულებების პირობებში, გეოპოლიტიკური მოსაზრებებით მიიღოს ქვეყანამ სტატუსი და ამის ლობირებისთვის ნებისმიერი სახელმწიფო წარმომადგენლის ვიზიტი მნიშვნელოვანია, რასაც ხელს უშლის „ქართული ოცნება“.
„დღეს, საქართველოს ერთადერთი შანსი, რაც რჩება, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ეს არის, რომ ევროკავშირმა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენს ქვეყანას შეუსრულებელი ვალდებულებების პირობებში მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი. ამიტომ პრეზიდენტის და სახელმწიფოს ნებისმიერი წარმომადგენლის მხრიდან ლობირებას ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების, აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა სტატუსის მინიჭების თვალსაზრისით. ამიტომ ყველანაირი მცდელობა პრეზიდენტს ხელი შეეშალოს აღნიშნული ვიზიტების განხორციელებაში, არის სწორედ ანტიკონსტიტუციური ქმედება, რადგან ჩვენი კონსტიტუცია ნათლად ამბობს, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მოტივაციას, მას საკუთარი მმართველებისგან, მოსკოვიდან აქვს დავალება, რომ ჩვენმა ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი. თუმცა, მათ შეიძლება ეს დავალება ვერ შეასრულონ და ევროკავშირმა გეოპოლიტიკური მოსაზრებებით გადაწყვიტოს მიანიჭოს ქვეყანას სტატუსი. თუ ასე მოხდება და ივანიშვილის რუსული რეჟიმი ხელს ვერ შეუშლის სტატუსის მინიჭებას, „ოცნებას“ მაშინ აქვს მეორე გეგმა, რომ ისარგებლოს ამით და შეასაღოს ქართველ ხალხს, თითქოს მათ რაიმე გააკეთეს ამისთვის, რომ სტატუსი მიგვეღო. ამ შემთხვევაში მათთვის ასევე არის დამაზიანებელი, სალომე ზურაბიშვილის აქტიურობა, რადგან თუ „ოცნების“ მიუხედავად მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, „ოცნება“ შეეცდება მიიწეროს ეს მიღწევა, იმის მიუხედავად, რომ არაფერს აკეთებს ხელის შეშლის გარდა“, - განაცხადა სამადაშვილმა.