სანდო ხარისხი და ცუდი სტატისტიკა
„ვისოლმა“ ქუთაისის „ტორპედო“ გასულ წელს ჩაიბარა და მნიშვნელოვანი ინვესტიციებიც განახორციელა. კლუბის ჩამოყალიბების პროცესი დღემდე გრძელდება და როგორც კლუბის პრეზიდენტი ლევან ფხაკაძე ამბობს, დახარჯვა თანხებში კვლავ ექნებათ, ვინაიდან სპორტში სხვანაირად შედეგს ვერ მიაღწევ. გადაყარა თუ არა „ვისოლმა“ ტრანსფერებში ფული და რას ჰპირდება კლუბის პრეზიდენტი ქუთაისელ ქომაგს?
საქინფორმი ლევან ფხაკაძეს ესაუბრა.
– რატომ გადაწყვიტა „ვისოლმა“ „ტორპედოს“ შეძენა, თქვენ ხომ დღემდე გაქვთ საფეხბურთო აკადემია „ავაზა“? – პირველი ასეთი ნაბიჯი 2007 წელს გადავდგით – შევიძინეთ ლეგენდარული საფეხბურთო სკოლა „ავაზა“. მაშინ აკადემიაში შესაკეთებელი იყო ინფრასტრუქტურა, დაარსების შემდეგ არაფერი გაკეთებულა და, ბუნებრივია, მენეჯმენტიც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში დაგვხვდა. ერთი წლის განმავლობაში სრული მოდერნიზაცია განიცადა და დღეს „ავაზა“ თანამედროვე ტიპის საფეხბურთო სკოლაა. სექტემბრიდან აკადემია კიდევ უფრო შეიცვლება. ბევრ სიახლეს შევთავაზებთ ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს და ბავშვებს. კერძოდ, ვაპირებთ, სამწვრთნელო მენეჯმენტის დაკომპლექტებას. ახლა ვსაუბრობთ რამდენიმე პირთან ევროპაში, რომელთაც აქვთ უზარმაზარი გამოცდილება ბავშვების წვრთნასა და აღზრდის მეთოდიკაში, რადგან ეს პრობლემა საქართველოში აქტუალურია. „ავაზა“ უახლოეს მომავალში გადაეცემა „ტორპედო ქუთაისს“, რადგან ერთი ორგანიზმი და გუნდია, ამიტომ მენეჯმენტის სრულყოფისთვის გვირჩევნია, „ავაზას“ მენეჯმენტს მართავდეს „ტორპედო ქუთაისი“.
რაც შეეხება „ტორპედოზე“ მიღებულ გადაწყვეტილებას, გარკვეულწილად, „ავაზა“ იყო ის ნაბიჯი, რომელმაც უფრო მეტად დაგვაფიქრა ქართული ფეხბურთის მდგომარეობაზე და ის გადაწყვეტილება, რომელიც „ვისოლის“ მიერ „ტორპედოს“ აღებას უკავშირდება, სწორედ ამითაც იყო განპირობებული. „ტორპედო ქუთაისში“ გვაქვს აბსოლუტურად სხვა მიზანი, მოხარულები ვართ ამ გადაწყვეტილების მიღებით. ვთვლით, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგით. – ქართულ ფეხბურთში ინვესტიციის ჩადება სარისკო საქმეა. მითუმეტეს, ქუთაისი ცნობილია ემოციური გულშემატკივრებით. როცა მიდიოდით „ტორპედოში“, არ ფიქრობდით, რომ ძნელი იქნებოდა იქაურ ხალხთან ურთიერთობა და მუშაობა და დიდი ინვესტიციის ჩადება? – თითოეული ჩვენი ნაბიჯი სირთულეებთან არის დაკავშირებული. არც რისკების ჩვენს თავზე აღების პასუხისმგებლობას გავურბივართ, ვთვლიდით და ახლაც ვთვლით, რომ „ტორპედოს“ ასეთ მდგომარეობაში ყოფნა სამარცხვინო იყო და ვივალდებულეთ, ამ გუნდისთვის სერიოზულად მიგვეხედა. როდესაც ასეთ ნაბიჯს დგამ, ჯერ უნდა გაარკვიო, როგორ მართავ ამ ახალ მიმართულებას, რამდენად შეძლებ მენეჯმენტის აწყობას, და ეს მაშინ, როცა არა მხოლოდ მწვრთნელების, არამედ სპორტული მენეჯმენტის დეფიციტიცაა. თითოეული ჩვენგანი სწავლობს. დავაკომპლექტეთ ახალგაზრდათაგან ჯგუფი, რომლებიც ჩვენთან ერთად სწავლობენ, გვყავს რამდენიმე უცხოელი კონსულტანტი. მე, პირადად, ჰოლანდიასა და ბელგიაში შევხვდი რამდენიმე კოლეგას. ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ. –გასული სეზონის შედეგები – მეოთხე ადგილი და ვერცხლის მედლები თასის გათამაშებაში, დამაკმაყოფილებელია? – თუ ვიმსჯელებთ იმით, რომ „ტორპედო ქუთაისი“ შარშან გადავიდა უმაღლეს ლიგაში, მეოთხე ადგილი და თასის ფინალში გასვლა ცუდი შედეგი არ უნდა იყოს, თუმცა, ჩვენ უფრო მეტს მოველოდით. მისი შემადგენლობა და ფინანსები იძლევა უფრო მეტის საშუალებას, თუმცა, ამას თავისი ობიექტური მიზეზებიც აქვს. ჩემპიონატი ცუდად დავიწყეთ, პირველი შვიდი თამაშის განმავლობაში მხოლოდ 3 ქულა გვქონდა, რამაც გაგვირთულა სატურნირო მდგომარეობა. ასეთი სტარტის შემდეგ ძნელი იყო, დავწეოდით პირველ სამეულს. 24 ივლისს გადმოგვეცა გუნდი, ჩემპიონატი კი დაიწყო 14 აგვისტოს. ვერ მოხერხდა შეკრება, გუნდის დაკომპლექტებაც ვერ მოვასწარით. ახალმა ფეხბურთელებმა ერთმანეთთან შეთამაშებაც ვერ მოასწრეს და ცხადია, შედეგებზეც აისახებოდა. – სწორედ ამის კითხვას ვაპირებდი. რამაზ მუმლაძის ხელში გუნდმა თამაშის მოგება ვერ შეძლო, ქუთაისელი გულშემატკივარი ამით აღშფოთებული იყო და მწვრთნელის მიმართ უცენზურო სიტყვებსაც არ იშურებდა. რეალურად შეიძლება თუ არა ორ თვეში ახალი შემადგენლობის გუნდად ჩამოყალიბება და რამდენად გამართლებული იყო მაშინ მუმლაძის გუნდიდან წასვლა. ეს იყო უშუალოდ გულშემატკივრების დამსახურება, მწვრთნელის გადაწყვეტილება თუ ხელმძღვანელობის ვერდიქტი? – შედეგების მიუხედავად, მუმლაძეს ვაფასებ როგორც პროფესიონალს. უბრალოდ, მას არ მიეცა საკმარისი დრო, რომ მიეღო შედეგი, სხვა ფუნდამენტალურ პრობლემას ვერ ვხედავ. რაც შეეხება მისი გუნდიდან წასვლას, გადაწყვეტილება მივიღეთ ერთად, ეს იყო ობიექტური რეალობიდან გამომდინარე, როდესაც ხელმძღვანელობა ხედავს, რომ 7 თამაშის განმავლობაში არ არის შედეგი. ასეთ დროს გადაწყვეტილება უნდა მიიღო, დაგვიანების უფლება არ გაქვს. რაც შეეხება უცენზურო სიტყვებს, ამაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან გულშემატკივარი ყოველთვის იქნება ემოციური, ან დადებითად შეაფასებს შენს ნამუშევარს, ან უარყოფითად. – მისი წასვლიდან გუნდმა პირველივე თამაში მოიგო, ეს ახალი მწვრთნელის დამსახურება იყო? – ალბათ, იყო გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემა, რაც ყოველთვის არსებობს ფეხბურთელებში. წარუმატებელი სერიის შემდეგ გუნდში ახალი მწვრთნელის გამოჩენამ შეიძლება ფსიქოლოგიური გარდატეხა მოახდინა გუნდში, თორემ წარმოუდგენელია ერთ დღეში წარმატებების დაწყება. ორი მომენტია: იყო ფსიქოლოგიური წნეხი ამ შვიდ შეხვედრაში შეთამაშების პროცესიც დასრულდა. ჩვენთვის პრობლემას წარმოადგენდა გამტანი და რამაზის ძირითადი ამოცანაც სწორედ ფორვარდის ძიება იყო. დავიმატეთ გია მეგრელაძე, რომელმაც საკმაოდ კარგად გაართვა თავი ამ ამოცანას. ამ კუთხით გამოსწორდა გუნდი და 14 წაუგებელი მატჩის სერიაც კი გვქონდა. – „ვისოლის“ გუნდში მისვლის დღიდან არაერთი ტრანსფერი განხორციელდა „ტორპედოში“ და სოლიდური თანხებიც დაიხარჯა. მათგან დღეს გუნდში რამდენიმე ფეხბურთელი აღარ არის. იყო კრიტიკა გულშემატკივრის მხრიდანაც. ამ გადასახედიდან, როგორ ფიქრობთ, ხომ არ იყო ისეთი ტრანსფერები, რომლებშიც, უხეშად რომ ვთვათ, უბრალოდ, ფული გადაიყარა? – შეცდომებს არ გამოვრიცხავ. ცაიტნოტში ყოფნის გამო შესაძლოა, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები მივიღეთ, თუმცა ვფიქრობ, კარგი შემადგენლობა შევკრიბეთ და კმაყოფილი ვარ ტრანსფერებით. ფული ნამდვილად დაიხარჯა, თანხები იხარჯება დღესაც და კვლავაც დაიხარჯება. სხვანაირად შედეგს ვერ მიიღებ. „ვისოლის“ მიერ დახარჯული ყოველი თეთრი დათვლილია. ჩვენ ის ჯგუფი არ ვართ, რომელიც არ აკონტროლებს, რასაც ხარჯავს. – ვახტანგ კვარაცხელია, კლუბის ერთ-ერთი თავდამსხმელი, თქვენი ოფიციალური საიტის ცნობით, უკრაინაში პირველი ლიგიდან უმაღლეს ლიგაში გადმოსულ „ალექსანდრიაში“ წავიდა სინჯებზე, რამაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. გულშემატკივრების პოზიციით, ისეთი ბრენდი, როგორიც არის „ტორპედო“ და „ვისოლი“, ფეხბურთელებს სინჯებზე არ უნდა უშვებდეს. თქვენი პოზიცია როგორია ამ საკითხზე? – აქ პრობლემა სულ სხვა რამაა. ვახო კვარაცხელიას შემთხვევაში, ტრანსფერმა, შეიძლება ითქვას, არ გაამართლა, ვახოსგან ველოდით ბევრს და მთელი ჩემპიონატის განმავლობაში შედეგი ვერ მივიღეთ. სინჯი მხოლოდ მაშინ არ არის საჭირო, როდესაც გუნდი დარწმუნებულია, რომ მას აუცილებლად სჭირდება ეს ფეხბურთელი. ნებისმიერი კლუბისთვის ძნელად მისაღები იქნება გადაწყვეტილება ფეხბურთელზე, რომელსაც აქვს ძალიან ცუდი სტატისტიკა. ასეთ დროს კლუბი ითხოვს, თუნდაც ერთი კვირით ჰყავდეს ფეხბურთელი სინჯზე და ასეთი თხოვნა მოვიდა ჩვენთან უკრაინელი კოლეგებისგან. ალოგიკური ამაში არაფერია. ვფიქრობ, პირველ რიგში, დავეხმარეთ ფეხბურთელს, მიუხედავად მოლოდინის გაცრუებისა. ვერ ავუკრძალავთ ფეხბურთის თამაშს, გვაქვს სამწლიანი კონტრაქტი და არ დავუკარგავთ შესაძლებლობას, რომ ითამაშოს ფეხბურთი. ამ ნაბიჯით ჩვენს კოლეგებსაც ვეცით პატივი, რომლებიც ერთ კვირას დააკვირდებიან და მერე მიიღებენ გადაწყვეტილებას. – როგორც გულშემატკივრები ფიქრობდნენ, ეს „ტორპედოსთვის“ პრესტიჟის შელახვა იყო. თქვენ როგორ მიგაჩნიათ? – ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. დიდ პატივს ვცემ ჩვენი ნებისმიერი გულშემატკივრის აზრს, ემოციებიც გვესმის, მაგრამ უნდა შევინახოთ ეს ემოციები და ცოტა პრაგმატულად ვიაზროვნოთ. ვნახე გამოხმაურება ფორუმზე, თითოეული მათგანის აზრი მნიშვნელოვანია, მაგრამ, შესაძლოა, სუბიექტურიც. – როგორც ბიზნესმენს, გკითხავთ: ვთქვათ, თქვენთან მოვიდა რომელიმე კომპანიის წარმომადგენელი და შემოგთავაზათ კონტრაქტის გაფორმება აღნიშნული კომპანიის საწვავით უზრუნველყოფის თაობაზე, ოღონდ იმ დათქმით, რომ ჯერ თქვენს საწვავს ხარისხიანობაზე ტესტს ჩაუტარებენ და კონტრაქტს მერე გააფორმებენ. როგორი იქნება თქვენი რეაქცია ? – ძალიან ძნელია შედარება. მოდი ასე ვთვათ, ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ პროდუქტზე, ჩვენს საწვავზე, რომელიც საქართველოში ცნობილი ყველაზე მეტად ცნობილია და მისი ხარისიხი არანაირ გადასინჯვას და შემოწმებას აღარ ითხოვს, არავინ ეჭვქვეშ აღარ აყენებს. ტრანსფერი აბსოლუტურად სხვა რამაა. სამწუხაროდ, რამდენადაც კარგი ხარისხი აქვს ჩვენს პროდუქტს, იმდენად ცუდი სტატისტიკა ჰქონდა კვარაცხელიას. ამ ორი რაღაცის შედარება ამიტომ, გამიჭირდება. როცა ჩვენი ფეხბურთელების პროფესიონალიზმის დონე ყოველმხრივ ამაღლდება, მისაღები იქნებიან ევროპის ნებისმიერი კლუბისთვის. ამ თვალსაზრისით მათ ნამდვილად აღარ დასჭირდებათ სინჯებზე წასვლა. – რაც შეეხება ახალგაზრდა ფეხბურთელებს – კემუხტაშვილს, საბანაძესა და გიგაურს, რომლებიც „ავაზადან“ წაიყვანეთ „ტორპედოში“... ზუსტად სად მიდიან ეს ბიჭები? – საბანაძე რჩება გუნდში და იქნება ძირითად შემადგენლობაში. ახლა კლუბი შეკრებაზე მიდის ურეკში, მეორე შეკრება გვექნება სლოვენიაში, სადაც 22 ივლისს გაემგზავრება. გვყავს ახალი მწვრთნელი და ახალი ფეხბურთელები. საბანაძის სურვილი იყო, დაკვირვებოდა გუნდს. რაც შეეხება კემუხტაშვილსა და გიგაურს, მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებაა, ვერანაირად ჩავერევით მის კომპეტენციაში. შეგვიძლია, მივიღოთ მათგან ინფორმაცია, საწინააღმდეგო არგუმენტების შემთხვევაში ჩვენც ვაცნობებთ, მაგრამ არ ვაკეთებთ ამას, რომ მათ გადაწყვეტილება შევაცვლევინოთ. ვესაუბრე ორივე ფეხბურთელს, გვაღელვებს თითოეულის ბედი, რადგან „ავაზაში“ გაიზარდნენ ჩვენს ხელში და მინდა, უცხოეთში წავიდნენ. მქონდა საუბარი ბელგიურ გუნდთან. პასუხს ველოდები და თუკი რომელიმე მათგანს რაღაც პერიოდში გავუშვებთ, წინააღმდეგი არ ვიქნები. ორივე მათგანში ვხედავ პოტენციალს, მაგრამ არ ნიშნავს ეს იმას, რომ მთავარ მწვრთნელს მივცეთ მითითება, აიყვანოს ძირითად შემადგენლობაში. – არცთუ დიდი ხნის წინათ ქართული ფეხბურთი ტოტალიზატორების შავი ბიზნესის სკანდალში გაეხვა. ფეხბურთელების მოკვეთამ გუნდების წარუმატებლობა გამოიწვია... როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ პრობლემას? – ჯერ ერთი, რაც ხდება ქართულ ფეხბურთსა და ფეხბურთელებში, გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა. ის, რაც გამოაშკარავდა და სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოიტანეს სამსჯავროზე, მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო. ვიღაც ნამდვილად უნდა დასჯილიყო, თუნდაც, იმიტომ, რომ სხვას შეშინებოდა და მსგავსი რამ არ გაემეორებინა. ეს არის, პირველ რიგში, ქართული ფეხბურთის დანაშაული. ფეხბურთელს უნდა შეუქმნა ყველანაირი პირობა, რომ არ იფიქროს ასეთ სისულელეებზე, მეორეც, გუნდში უნდა იყოს ისეთი დისციპლინა, რომ ფეხბურთელს ამის საშუალება არ მიეცეს. რთულია, ვინმეზე რაიმეს თქმა, იმავე ხაჭიპერაძეზე; არ ვიცი, ეს იყო წარუმატებლობა თუ რაიმე სხვა მიზეზი, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ჩვენს გუნდში არის ჯანსაღი სიტუაცია, თითოეული ფეხბურთელის წესიერებასა და პატიოსნებაში დარწმუნებული ვარ. მათთან უშუალო და მეგობრული ურთიერთობები გვაქვს და არ ვაძლევთ იმის საბაბს, იფიქრონ ასეთ მახინჯ შემოთავაზებებზე. პირველი ამოცანაა, გუნდი იყოს ჯანსაღი. ამის შესახებ უშუალო საუბარი მქონდა ბიჭებთან. ისინი ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ, რადგან ამ სკანდალში გახვეულებს იცნობდნენ, კოლეგები არიან. ეს არის უდიდესი დარტყმა ქართული ფეხბურთისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენთან მყოფი ფეხბურთელები ფიქრობენ მხოლოდ სპორტზე, ხვალინდელ დღეზე და წარმატებაზე. ასეთი კი ამგვარი საქმით არ იქნება დაკავებული. - რამდენიმე ქართულ კლუბს ფეხბურთელებისთვის მსგავს დაწესებულებებში სიარული აკრძალული აქვს. თქვენს გუნდში თუ არის მსგავსი შეზღუდვა? – ჩვენი კონტრაქტი ბევრ შეზღუდვას ითვალისწინებს. ეს ეხება არა მარტო ტოტალიზატორს, არამედ მედიასთან დამოუკიდებლად ურთიერთობასაც და ა.შ. იმიტომ, რომ შეიძლება იყოს ბევრი შემოთავაზება, ბევრი ამით ითბობს ხელს. გვინდა, ბიჭები მაქსიმალურად დაცული იყვნენ ასეთი ცდუნებებისგან. – გუნდში თქვენი მოსვლის შემდეგ უკვე მესამე მწვრთნელი შეიცვალა. რამდენად დაასტაბილურებს გუნდს მწვრთნელების ხშირი ცვლა? – პირველი ცვლილება გუნდში აუცილებელი იყო და ამაზე უკვე ვისაუბრეთ. რაც შეეხება გია გიგატაძეს, მან დიდი სამუშაოები გასწია გუნდისთვის და მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ეს ცვლილება კი ემსახურება გუნდის გაძლიერებას და კიდევ უფრო ძლიერი კლუბის შექმნას. მთავარი მიმართულება არის ბავშვთა ფეხბურთის განვითარება როგორც ქუთაისში, ისე თბილისში. ქუთაისში ვიწყებთ პერსპექტიულ პროექტს – ბავშვთა აკადემიის აშენებას. დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს იქნება გამორჩეული აკადემია მთელ დასავლეთ საქართველოში. და სწორედ ეს ბავშვები იქნებიან ჩვენი სტაბილურობის გარანტი, საკუთარი შევსება მოგცემს სტაბილურობას. – გია გიგატაძეს რომ თასის ფინალი მოეგო, დარჩებოდა მთავარი მწვრთნელის პოსტზე? – გადაწყვეტილება მივიღეთ და, ალბათ, არ შევცვლიდით. გვინდოდა, მოგვეყვანა ადამიანი, რომლის გვერდითაც გია უფრო მეტს ისწავლიდა. თასის ფინალის მოგება არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგადაა. – რამდენადაც ცნობილია, მოლაპარაკება მიმდინარეობდა უცხოეულ მწვრთნელ პეტერ სეგრტთან. რატომ ჩაიშალა მისი ჩამოყვანის იდეა? – ჯერჯერობით შევჩერდით ფიზმომზადების სპეციალისტზე, ხორვატზე, რადგან ეს სფერო ნაკლებ არის განვითარებული ჩვენთან. ახლა მისი პრინციპით ვმუშაობთ, მის გვერდით ქართველი სპეციალისტი ცოდნასა და გამოცდილებას შეიძენს. რაც შეეხება მწვრთნელებს, შეხვედრის შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს მწვრთნელების რესურსი. ბავშვებთან კი ამ რესურსის ნაკლებობას განვიცდიდით.
– ხმაურიანი ტრანსფერების შემდეგ ბევრ გულშემატკივარს აინტერესებს – არის კიდევ მოსალოდნელი ტრანსფერები...
– ჯერჯერობით, ორი ფეხბურთელია „ოლიმპიდან“. ეს არის მთავარი მწვრთნელის მითითება და შეთანხმება. ისე კი ტრანსფერებზე თავს არ ვიკავებთ, ბუნებრივია, ასეთი მესიჯები უნდა მოდიოდეს მწვრთნელისგან...
– გასული სეზონის წინ იყო დაპირება, რომ გუნდს ექნებოდა ფანმაღაზია. ამ მხრივ თუ იგეგმება რაიმე ფეხბურთელთათვის ხელმისაწვდომი?
– თითქმის დავასრულეთ ქუთაისში ფანკლუბის ორგანიზება. რაც შეეხება მაღაზიას, გვინდა, სტადიონზე გავხსნათ. მოვიძიეთ კომპანიები, რომლებიც შეგვიკერავენ მაისურებს, ატრიბუტიკას და სეზონის განმავლობაში დავიწყებთ რეალიზებას.
– ევროპაში კლუბების ერთ-ერთი შემოსავლის წყარო ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული თანხებია. ქუთაისს აქვს იმის პოტენციალი, რომ კლუბის ბიუჯეტმა მნიშვნელოვანი შემოსავალი მიიღოს ამ მხრივ და თუ იგეგმება რაიმე ღონისძიება დასწრების მაჩვენებლის გასაზრდელად?
– რამდენად უზრუნველყოფს გულშემატკივრებით სავსე სტადიონი ჩვენს ფინანსურ მდგრადობასა და შემოსავლებს, ძნელი სათქმელია, ვინაიდან თითოეული თამაშის ორგანიზება და ჩატარება უფრო ძვირი გვიჯდება, ვიდრე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული შემოსავალია, ბილეთის ფასი მხოლოდ ორი ლარია. როდესაც ვსაუბრობთ ევროპის კლუბებზე, იქ ბიუჯეტის 30% სწორედ ბილეთებიდან შემოსული თანხებით იფარება. იქ ბილეთის ფასი ნამდვილად არ არის ერთი ევრო. ეს შემოსავალი ჩვენთვის ვერ იქნება ფინანსური მდგრადობის გარანტი; ეს, უბრალოდ, ქმნის გარემოს, რომელიც აუცილებელია ფეხბურთელის თამაშისთვის. მაყურებლის მოზიდვის მიზნით თითოეული თამაშის წინ მიმდინარეობს სერიოზული პიარი, გვაქვს აქციები ბენზინგასამართ სადგურებზე, კვლავ ვიწყებთ აბონემენტების გაყიდვას... სტადიონის ინფრასტრუქტურა სრულად უნდა იყოს მოწესრიგებული, რომ უეფამ საერთაშორისო თამაშების ჩატარების ნება დაგრთოს. ჩემპიონატის დასრულებისთანავე დავიწყეთ საფარის გამოცვლა, შეიცვალა დრენაჟი და დამონტაჟდა სარწყავი სისტემა. 7 აგვისტოს ახალი სეზონის პირველ თამაშს ჩავატარებთ ახალ საფარზე, ეს მნიშვნელოვანია ფეხბურთელებისთვისაც და გულშემატკივარს შევთავაზებთ კარგ სანახაობას.
– „ავაზაზე“ მოვარჯიშე ქალთა გუნდი „ვისოლის“ საკუთრება უნდა გამხდარიყო. რა ხდება ახლა და თუ გეგმავთ ქალთა ფეხბურთის განვითარებას?
– შემდგომ ეტაპზე ეს არ არის გამორიცხული. ყველაფერს ერთად ვერ მოვედებით. თუმცა სტაბილურობის შემდეგ ამ საქმესაც მივხედავთ.
– რამდენად მართალია, რომ თითქოს რაგბის გულშემატკივრები განაწყენდნენ თქვენ მიერ „ყოჩების“ პატრონობაზე უარისთქმით...
– „ყოჩებთან“ დაკავშირებით ყურადღების მოდუნება ბუნებრივად მოხდა –ფეხბურთმადიდი დრო წაგვართვა. მათთვის მნიშვნელოვან დროს „ყოჩებს“ გვერდით დავუდექით – არ ჰყავდათ სპონსორი და პერმანენტულად ვეხმარებოდით ხან თანხით, ხან საწვავით... თუმცა გუნდი ასე დიდხანს ვერ იარსებებდა. დღეს, სამწუხაროდ, ცოტანი არიან რაგბის დაფინანსებით დაკავებულნი. არ აქვს იმის პერსპექტივა, რომ, თუნდაც, ხმაურიან ტრანსფერს განახორციელებს, გახდება მომგებიანი. გყავდეს რაგბის კლუბი, ნიშნავს, ყოველთვის დოტაციაზე იქნება. მისი პოპულარობის მიუხედავად, დასწრება მინიმალურია, ანუ იდება კაპიტალი, რომელსაც ვერ იბრუნებ. თუმცა მათ ასე ვერ მივატოვებთ, თუ გამოჩნდებიან ჩვენი მიმდევრები, მოხარული ვიქნებით. კარგი გუნდია, კარგი ბიჭებით დაკომპლექტებული, მაგრამ სპორტში დაფინანსების გარეშე ვერაფერს მიაღწევ.
– რა იქნება ახალი მწვრთნელების უშუალო მიზანი და დავალება... რა შემთხვევაში წავლენ ისინი გუნდიდან?
– ჩვენ უფრო დიდი შედეგი მოვთხოვეთ ჩვენს მწვრთნელს. მიზანია, ვიყოთ ლიდერები. სხვა გზა არ გვაქვს. ყველა იმ საქმეში, რასაც ვაკეთებთ, ვართ ლიდერები. დარწმუნებული ვარ, „ტორპედო ქუთაისი“ გამონაკლისი არ იქნება. ეს ამოცანა დავუსვით მთავარ მწვრთნელს. სულ მცირე, სამეულში ვიქნებით, მაგრამ ჩვენი მიზანი მხოლოდ ეს არ არის; შემადგენლობა გვაძლევს საშუალებას, უფრო მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ და გაცილებით დიდი ამოცანა დავისახოთ.
თუ შევძლებთ, ვიბრძოლებთ ჩემპიონობისთვის, მაგრამ სამეულში აუცილებლად ვიქნებით.
საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“