აქტუალური
მამუკა მდინარაძე ევროპაში პრეზიდენტის ვიზიტებზე: ის, რომ მთავრობამ ნებართვა არ მისცა და პრეზიდენტი მაინც მიდის, კონსტიტუციის დარღვევაა

 საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპაში ვიზიტით საქართველოს კონსტიტუციას არღვევს.

როგორც მამუკა მდინარაძემ განმარტა, საქართველოს პრეზიდენტს აღნიშნული ვიზიტების განსახორციელებლად არ აქვს მთავრობის თანხმობა, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო კურსს და და ამ კურსის შესაბამისად მოქმედებს.

მდინარაძის განმარტებით, ქვეყნის პრეზიდენტის საქართველოს პარლამენტში ბოლო გამოსვლა ეწინააღმდეგებოდა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და შესაძლოა, სწორედ ეს იყოს მიზეზი, რომ მთავრობა პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრებას არ ეთანხმება.

„საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს საქართველოს მთავრობის თანხმობა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ახორციელებს შესაბამის უფლებამოსილებას და მის კომპეტენციაშია საგარეო კურსის განსაზღვრა და ამ კურსის შესაბამისად მოქმედება. აქედან გამომდინარე, დიახ, საქართველოს პრეზიდენტი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ის, რომ მთავრობამ ნებართვა არ მისცა და მაინც მიდის, ეს კონსტიტუციის დარღვევაა და კონსტიტუციის უპატივცემულობაა და მეორე მხრივ, ამ დაუთანხმებლობას მთავრობის მხრიდან აქვს კონკრეტული მიზეზები, მაგალითად, მე შემიძლია გაგახსენოთ აქ, საქართველოს პარლამენტის ტრიბუნასთან საქართველოს პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა, რომელიც იყო საქართველოს ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო გამოსვლა, ალბათ, ყველა დამეთანხმებით გულში მაინც.

რა იყო საქართველოს ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო?! რომ საქართველო თითქოს დღეს არ იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას და არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს პათოსი იყო მაშინ მის განცხადებაში, ეს თქვა. საქართველო დღეს გატარებული რეფორმებით ახორციელებს ყველა საჭირო მოქმედებებს, რომლებიც ევროპული კურსის სწორად განსაზღვრისთვის, როგორც პრიორიტეტისა ამ ქვეყნისთვის, არის საჭირო და მეორე, ასრულებს რეკომენდაციებს შესაძლებლობის მაქსიმუმის ზღვარზე. ვიცით, რომ თუკი ობიექტური შეფასება სადმე დაიდო, მათ შორის, ევროკავშირის ობიექტური შეფასება, ეს იყო ქულებითაც, კრიტერიუმებითაც, შეფასება, სადაც საქართველო იყო მოწინავე ადგილზე, სხვა ქვეყნებს ანალოგიურ სიტუაციებში მყოფებს ვუსწრებთ ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრით. მაშინ, როდესაც ამ ფონზე ჩვენი ევროპელი კოლეგებიც კი შეფასებითი კრიტერიუმებით ადასტურებენ, რომ საქართველო პირველია ამ მიმართულებით და საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან საწინააღმდეგოს საუბრობს, რა თქმა უნდა, რისკები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ვოიაჟი, რომელსაც არ ეთანხმება მთავრობა, სწორედ ამის გამო იყოს ამ მიზეზიდან გამომდინარე.

სულ რომ ეს ქვეყანა და მისი ხელისუფლება რეკომენდაციებს შესაბამისად არ და ვერ ასრულებდეს, საქართველოს გულშემატკივარმა, საქართველოს მოქალაქემ, სტატუსის მიუხედავად, უნდა თქვას, რომ რეკომენდაციები სრულდება და საქართველო სტატუსს იმსახურებს, მითუმეტეს, როდესაც ეს მართლაც ასე ხდება. როდესაც საქართველოს მოქალაქე, ჟურნალისტი, პრეზიდენტი, თუ ნებისმიერი მოქალაქე, ამბობს, რომ არა არ იმსახურებს საქართველო კანდიდატის სტატუსს, რეკომენდაციები არ არის შესრულებული, არ ვდგავართ ჩვენ სწორ გზაზე, ჩვენ ვადგავართ რუსეთის გზას, ეს არის საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება, ეს არის საბოტაჟი და სწორედ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებასთან დაკავშირებულ რისკებთან არის საქართველოს მთავრობის დაუთანხმებლობა დაკავშირებული.

ვერ ააყირავებთ ამ შემთხვევაში ხელისუფლებას და ამიტომ არ გსურთ თქვენ [მთავარ არხს] და სალომე ზურაბიშვილს, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი",- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოს გერმანიაში გაემგზავრება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილი, ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართავს შეხვედრას.