საზოგადოება
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარეს შეხვდნენ

 საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარესთან, ჯონათან ჯანოგლისთან და დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, ამ არჩევნებზე გრძელვადიანი და მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიების წარდგენას.

დიდი ბრიტანეთი ყოველთვის იყო საქართველოს დიდი მეგობარი. დღესაც გვქონდა ძალიან ღია, გულახდილი საუბარი – ჩვენი კოლეგები ბრიტანეთის პარლამენტიდან შეწუხებული არიან, რომ დროს ვკარგავთ და ვერ ვიყენებთ ისე ეფექტურად იმ დახმარებას, რაც მოდის საქართველოსკენ როგორც დიდი ბრიტანეთის, ისე ბევრი სხვა დემოკრატიული სახელმწიფოსგან. თუმცა ისინიც იმედიანად არიან და ჩვენც მივეცით ამის იმედი, რომ საქართველოში პოლიტიკურ კლიმატს სწრაფად ცვლილება სჩვევია და მალე გაუმჯობესდება. მომავალი არჩევნების შესახებ გვქონდა სერიოზული საუბარი და მონიტორინგის თვალსაზრისით ბრიტანეთისგანაც საკმაოდ დიდ ჩართულობას ველოდებით, ასევე ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით“, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ წევრის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, შეხვედრა ბრიტანელ კოლეგებთან საკმაოდ საინტერესო და ინტენსიური იყო.

პირველ რიგში, ვისაუბრეთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე და იმ მოცემულობაზე, რაც დღეს გვაქვს – ეს ეხება 12 პუნქტის შესრულებას, ამ კუთხით ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას. ვისაუბრეთ იმის თაობაზეც, თუ როგორი იქნება ოპოზიციის შტრიხები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და ასევე არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარებაზე, რაც გულისხმობს ასევე იმ ძალიან მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას, რომელიც ეკისრება გრძელვადიან თუ მოკლევადიან სადამკვირვებლო მისიებს. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს სწორედ ეს ვთხოვეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი და სადამკვირვებლო მისიები იყვნენ წარმოდგენილი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.