სამართალი
ქვათაცვენისგან დამცავი ბადის დამონტაჟება 4 მლნ ლარზე მეტი დაჯდება

 საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ფერდობის გაწმენდისა და ქვათაცვენისგან დამცავი ბადის მოწყობის სამუშაოები გრძელდება. პროექტის ღირებულება 4.424 ათასი ლარია, იუწყება მედიაპლატფორმა BM.ge საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე დაყრდნობით.

ქვათაცვენა ამირეჯიბის გზატკეცილის მოსაზღვრე კლდოვანი ფერდიდან 14 აგვისტოს მოხდა. მერიაში განაცხადეს, რომ სამუშაოების პირველი ეტაპის ჩატარების წყალობით საშიშროება აღმოიფხვრა, მაგრამ აუცილებელია დამცავი ბადების შეცვლა. სამუშაოების ჩატარების გამო ამჟამად გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, ქვათაცვენის რისკი ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზეა.

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საავტომობილო სავალ ნაწილს გასწვრივ ესაზღვრება კლდე, რომელსაც აქვს პრობლემური მონაკვეთები ქვათაცვენის თვალსაზრისით. წლების წინ კლდის რამდენიმე მონაკვეთში მოწყობილი იქნა ქვათაცვენისგან დამცავი ბადეები ფარდის პრინციპით და რეგულარულად ხდება კლდის ძირში ჩამოცვენილი მასისგან გაწმენდა და დაკვირვება“, – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

ბოლო პერიოდში ქვათაცვენის პროცესი გააქტიურდა, გაიზარდა ჩამოშლილი ქვების ზომები. დიდი ზომის ლოდებმა დაარღვიეს წლების წინ მოწყობილი ბადის მთლიანობა და ბადე ვეღარ უზრუნველყოფს ტერიტორიის უსაფრთხოებას, აღნიშნეს სააგენტოში.

მოვლა-პატრონობის ნაწილში მიმდინარეობს ჩამოშლილი მასის გატანა, მაგრამ სახეზეა ქვათაცვენის ინტენსივობის მატება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, საჭიროა დაუყოვნებლივ დაიწყოს კლდის ამ მონაკვეთის დეტალური კვლევა და პარალელურად ამ მონაცემებზე დაყრდნობით მოეწყოს ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადე ჩაანკერების პრინციპით.

დაგეგმილი სამუშაოების გამო 26 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით 06:00-დან 12:00 საათამდე ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე – ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია.