აქტუალური
მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში: საქართველო სლოვენიასთან დამარცხდა

 საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს კალათბურთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის F ჯგუფის მეორე ტურის მატჩში სლოვენიის ნაკრებთან ანგარიშით 67:88 დამარცხდა.

საქართველოს და სლოვენიის შეხვედრა იყო ჯგუფის ორი ლიდერის ბრძოლა პირველი ადგილისთვის. მსოფლიო ჩემპიონატის წესებით, ტურნირის მომდევნო ეტაპზე თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი გადის. F ჯგუფის გუნდები დაუპირისპირდებიან Е ჯგუფის წარმომადგენლებს, სადაც ფავორიტებად გერმანიასა და ავსტრალიას მიიჩნევენ.

სლოვენიელებმა მატჩის პირველი ნახევარი ანგარიშით 45:33 მოიგეს, ეს შედეგი მეტწილად განაპირობა გუნდის ლიდერის ლუკა დონჩიჩის ბრწყინვალე თამაშმა, რომელიც ქართველ კალათბურთელებს შედეგიან შეტევებს არ აკლებდა.

საქართველოს ნაკრებს გაუჭირდა თამაშის აწყობა, გუნდის კაპიტან თორნიკე შენგელიასაც არ გამოსდიოდა ზუსტი ტყორცნები.

წაგების ერთ-ერთი მიზეზი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის დუდა სანაძის ტრავმაც გახდა - მას თამაში გამაყუჩებლების ქვეშ უწევდა.

წაგების მიუხედავად საქართველოს ნაკრები ვენესუელის ნაკრებთან ბოლო მატჩში დამარცხების შემთხვევაშიც კი ინარჩუნებს ჯგუფიდან გასვლის შანსს. ამისათვის ილიას ზუროსის შეგირდებმა 16 ქულაზე მეტი სხვაობით არ უნდა წააგონ, სლოვენიამ კი კაბო-ვერდე უნდა დაამარცხოს, რაც სრულიად შესაძლებელია.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ლუკა დონჩიჩი იყო (34 ქულა). საქართველოს ნაკრებში – სანდრო მამუკელაშვილი (21 ქულა).

ანგარიში მეოთხედების მიხედვით: 17:16, 16:29, 17:18, 17:25

ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩს ილიას ზუროსის შეგირდები 30 აგვისტოს ვენესუელის წინააღმდეგ გამართავენ. თამაში თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.

მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში სამ ქვეყანაში – იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებზე 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში იმართება. გუნდები რვა ჯგუფში გადანაწილდნენ, თითოეულში 4-4 ნაკრებია. თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი ბრძოლას მეორე ჯგუფურ ეტაპზე გააგრძელებს.

საერთო ჯამში მსოფლიო ჩემპიონატზე 32 ნაკრები 92 მატჩს გამართავს.