საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება პრაგმატიზმით გამოირჩევა.
ამის შესახებ განცხადება მედვედევმა რუსულ ტელეკომპანია RT-სთან ინტერვიუში გააკეთა.
„ხელმძღვანელების ამჟამინდელი თაობა და პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაშია, ყოველ შემთხვევაში, გამოირჩევა პრაგმატიზმით, შეუძლებელია, ეს არ აღვნიშნოთ. სწორედ ამიტომ ჩვენ ახლა მათთან ურთიერთობას ვავითარებთ, სწორედ ამიტომ საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში კვლავ ვიზის გარეშე შემოსვლის ნება მივეცით, სწორედ ამიტომ დაიწყო ფრენები. დიახ, არიან იქ გაცოფებული, შეშლილი და უცნაური ადამიანები. აი, საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი, არ ვიცი, საერთოდ ქართულად ლაპარაკობს თუ არა, მაგრამ ის არის ფრანგი რაღაც იტალიური გადახრებით, რომელიც საკუთარი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მადლობა ღმერთს, ასეთი პოლიტიკოსები იქ მთავარ როლს არ ასრულებენ. მით უმეტეს, პრეზიდენტის როლი საქართველოში დღეს, იმის გათვალისწინებით, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაა, მინიმალურია. ვიმედოვნებ, საქართველოს ხელისუფლებას ეყოფა პრაგმატიზმი, რომ რეალობა აღიაროს, მათ შორის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელ სუბიექტებად არსებობა და დაამყაროს მათთან ურთიერთობა“, – განაცხადა მედვედევმა.