პოლიტიკა
Agile Spirit 2023: საქართველოში NATO-სა და პარტნიორების სამხედრო წვრთნები გაიხსნა

 საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოში NATO-სა და პარტნიორების სამხედრო წვრთნები Agile Spirit (მტკიცე სული 2023) 2023 გაიხსნა. სამხედრო წვრთნები 21 აგვისტოსა და პირველი სექტემბრის შუალედში საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას 3 500-3 600 სამხედრო იღებს, როგორც NATO-ს წევრი, ისე პარტნიორი ქვეყნებიდან.

წვრთნების მიზანი NATO-ს ქვეყნებსა და პარტნიორებს შორის ერთობლივი უსაფრთხოების ოპერაციებისა და ურთიერთთანამშრომლობის დახვეწაა. წვრთნების ფარგლებში სამხედროები იმიტირებულ საბრძოლო გარემოში დავალებების შესრულებაზე იმუშავებენ.

უცხოელმა სამხედროებმა საქართველოში სწავლებებზე დასასწრებად ჩამოსვლა 19 აგვისტოს დაიწყეს.

აშშ-სა და საქართველოს გარდა წვრთნებში მონაწილეობს 21 ქვეყანა: აზერბაიჯანი, ბელგია, ბულგარეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, იორდანია, ლატვია, ლიტვა, მოლდოვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, თურქეთი და დიდი ბრიტანეთი.

როგორც აშშ-ს თავდაცვის ვიზუალური ინფორმაციის დისტრიბუციის სამსახურის (The Defense Visual Information Distribution Service) ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოებიდან ირკვევა, საქართველოს ხელისუფლებიდან სწავლების გახსნის ცერემონიას მხოლოდ თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე დაესწრო.

ამას გარდა, წვრთნების დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება არ გაუკეთებია.

2023 წლის აპრილში საქართველო ამოიღეს აშშ-სა და NATO-ს მიერ ორგანიზებული წვრთნების Defender 23-ში მონაწილე ქვეყნების სიიდან, რაც თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ლოგისტიკური ხარჯების მიზეზით ახსნა.

მალევე თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ, აშშ-ს ევროპული სარდლობის მიერ ორგანიზებულ Defender 2023-ში მონაწილეობაზე უარი ითქვა აშშ-სთან აქტიური კომუნიკაციით და გადაწყდა, რომ მეტი ძალისხმევა და რესურსი მიმართულიყო Agile Spirit-ის მსგავს სწავლებებზე.

ამავე შინაარსის განცხადება გაავრცელა საქართველოში აშშ-ს საელჩომაც და დაადასტურა, რომ გადაწყვეტელება რესურსების სხვა სახის სწავლებებზე მიმართვისკენ ერთობლივი იყო.

ამ ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ რესურსები მივმართოთ ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე: Agile Spirit და ღირსეული პარტნიორი და მათ წარსულ წარმატებაზე დაყრდნობით, მაქსიმალურად ეფექტიანად გავაძლიეროთ საქართველოს ურთიერთთავსებადობა, მედეგობა და თავდაცვისუნარიანობა”, – განაცხადეს საელჩოში.