გუბერნიაში ჟურნალისტს არ პასუხობენ კითხვაზე, თუ რა დამსახურებისთვის აძლევენ გუბერნატორს ყოველთვიურად ან თვეში ორჯერ პრემიას. უწყებაში ამას ბიუჯეტში თანხის გათვალისწინებით ხსნიან.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი თამარ კორძაია კი მიიჩნევს, რომ „პრემია არის წამახალისებელი ღონისძიება და ის არანაირი ლოგიკით არ შეიძლება იყოს ხელფასის ოდენობის და, ზოგიერთ შემთხვევაში, ხელფასზე ორჯერ მეტიც, თან – მუდმივად გაიცეს“. კორძაიას მიაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში ეს გოროზიას უშუალო ანაზღაურებაა და არა პრემია. იურისტის თქმით, „ეს არის კანონის მანკიერი ფორმა და იძლევა მსგავსი კორუფციული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას“. „ის რომ საჯარო მოხელეს, ამ შემთხვევაში კი, გუბერნატორს, შეუძლია ბოროტად ისარგებლოს სახელმწიფო სახსრებითა და საკუთარი უფლებამოსილებით, ეს არის ჩვენი „საჯარო სამსახურის შესახებ კანონმდებლობის“ პრობლემა, რომლის უსუსურობითაც ეს ადამიანები სარგებლობენ“, – აცხადებს კორძაია.
ამასთან, ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ ზაზა გოროზია კომერციული საქმიანობითაცაა დაკავებული და მან ყურძნის რელიზაციით 12 ათასი ლარი მიიღო. ბინესმენ-გუბერნატორი ზაზა გოროზია „ლიბერთი ბანკში“ 165 ათასი ლარის მფლობელია, იმავე ბანკში 14 ათასი ლარი მისი მეუღლის ანგარიშზეც დევს. ამასთან, გუბერნატორი ნაღდ ფულად თანხასაც ფლობს. დეკლარაციაზე დაყრდნობით, ჟურნალისტი არკვევს, რომ ზაზა გოროზიას 2 700 ევრო, 5 200 ამერიკული დოლარი და 79 500 ლარი აქვს, მის მეუღლე თამთა კობახიძეს კი – 7 700 ლარი.
როგორც ჩანს, გუბერნატორ გოროზიას პორტფელი უფრო და უფრო „სქელდება“, მის რეგიონში კი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა დღითიდღე უარესდება – ეს ყველაფერი კი იმის ნათელი მაგალითია, როგორ „შეიხსნეს“ ნაციონალებმა „ქამრები“ „ქამრების შემოჭერის“ პრინციპის დანერგვისთანავე.
საქინფორმი