საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი უახლოეს დროს რუსეთს ეწვევა, სადაც რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან მარცვლეულის გარიგების თემაზე მოლაპარაკებებს გამართავს, იუწყება გაზეთი Yeni Şafak თურქეთის ლიდერის ადმინისტრაციაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.
„პრეზიდენტთან დაახლოებული წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, პრეზიდენტ ერდოღანის მოახლოებულ ვიზიტს რუსეთში შეთანხმების მისაღწევად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მეორე მხრივ, ამტკიცებენ, რომ თურქეთი ახალ მარშრუტს რუსეთის გარეშე „არაჯანსაღს“ უწოდებს. სავარაუდოდ, პრეზიდენტის მრჩეველი აკიფ ჩაღათაი ქილიჩი უკრაინაში გაემგზავრება, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი უკრაინასა და რუსეთს ეწვევა“, – წერს გამოცემა.
მეორე მხრივ, პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანს რუსეთში პუტინთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი. საპრეზიდენტო წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, ერდოღანის ვიზიტი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება „მარცვლეულის დერეფნის“ შესახებ შეთანხმების მოქმედების გასაგრძელებლად, წერს Yeni Şafak.